რას გვიქადის 2010 ლითონის (თეთრი) ვეფხვის წელიწადი - კვირის პალიტრა

რას გვიქადის 2010 ლითონის (თეთრი) ვეფხვის წელიწადი

პოლიტიკურ-საზოგადოებრივი პროგნოზი

აღმოსავლური ასტროლოგიის მიხედვით, ლითონის (თეთრი) ვეფხვის წელი 2010 წლის 14 თებერვალს, 06:40 საათზე (თბილისის დროით) დადგება. აღმოსავლურ ასტროლოგიაში ვეფხვის წელი (1914, 1926, 1938, 1950, 1962, 1974, 1986, 1998) სასიკეთო ნიშნად ითვლება. ჩინეთში ეს წელი ასოცირდება ძალასთან, სიმამაცესთან, ხელმძღვანელობის უნარსა და მიზანსწრაფვასთან. რაც შეეხება კონკრეტულად 2010 წელს, იგი მოიტანს მნიშვნელოვან ეკონომიკურ ცვლილებებს, ასევე პოლიტიკური კავშირების, საზოგადოებრივი ურთიერთობების, კულტურისა და მეცნიერების განვითარებას.

2010 წელი მოიტანს ინტელექტუალური და პროფესიული განვითარების საშუალებას, ბევრ ადამიანს შემოქმედებითი და კარიერული წინსვლის რეალური საშუალება მიეცემა. ვინც ვეფხვის ენერგიულ წელს "ფეხს ვერ აუწყობს", მოსალოდნელია სამუშაო ადგილი და ფინანსური შემოსავლების წყაროებიც დაკარგოს.  შედარებით დაძაბული იქნება მაისიდან აგვისტომდე პერიოდი, მოსალოდნელია დაძაბულობისა და დაპირისპირებების ახალი კერების გაჩენა, ამიტომ ამ პერიოდში როგორც ინდივიდუალურ, ისე სახელმწიფოებრივ დონეზე სასურველია წინდახედულობისა და სიფრთხილის გამოჩენა.

ასე და ამგვარად, ვეფხვის წელიწადს მშვიდსა და დინჯს ვერ ვუწოდებთ, მით უმეტეს, რომ პოლიტიკაში დაიწყება ახალი კავშირებისა და ურთიერთობების დამყარება, შეიქმნება ახალი კანონები და გამოჩნდება ახალი კადრები. ამასთან, "წარმავალი" პოლიტიკური ლიდერები ძალაუფლების შენარჩუნებას შეეცდებიან, რასაც სკანდალები, მხილებები და საპროტესტო გამოსვლებიც მოჰყვება.

ვეფხვის წელი ასევე დაკავშირებულია სამხედრო და გასამხედროებულ სიტუაციებთან. ამიტომ მსოფლიოს დაძაბულ კერებში მოიმატებს პრობლემების ძალადობრივი ხერხებით გადაჭრის ალბათობა.

ვეფხვის წელში გამარჯვების მოსაპოვებლად აუცილებელია შემდეგი თვისებების გამოვლენა: ენერგიულობა, მიზანსწრაფვა, თავდაჯერება, ლიდერობისა და პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღების უნარი. ნეგატიური თვისებებიდან შედარებით გაძლიერდება დიქტატორულობა, უტაქტობა და აგრესია.