მსოფლიოს ლიდერები პანაშვიდზე გართობასაც ახერხებენ
ნელსონ მანდელას პანაშვიდზე, სადაც მსოფლიოს ლიდერები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები საპატიო სტუმრებად იყვნენ მიწვეულნი, ფოტოგრაფებმა აშშ-ის პრეზიდენტი ბარაქ ობამა, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ კემერონი და დანიის პრემიერ-მინისტრი ჰელე ტორნინგ-შმიტი უხერხულ სიტუაციაში შენიშნეს.
როდესაც შეკრებილი საზოგადოება ნელსონ მანდელას გაწეულ ღვაწლს იხსენებდა, მსოფლიოს ლიდერები ე.წ. "სელფშუტით" ერთობოდნენ - ობამა, კემერონი და ტორნინგ-შმიტი პოზირებდნენ სმარტფონის წინ, რომელიც ჰელეს ეჭირა.
როგორც კადრიდან ჩანს, მოღიმარი სამეულისგან მოშორებით ზის აშშ-ის პირველი ლედი მიშელ ობამა. მიშელს განსაკუთრებულად მკაცრი გამომეტყველება მაშინ აქვს, როდესაც მისი მეუღლე ჰელეს თბილად უღიმის და მეგობრულად მხარზე ხელს ადებს.
ფოტო ინტერნეტსენსაციად იქცა - უამრავმა ადამიანმა სხვადასხვა სოციალურ ქსელში გაიზიარა.
ფოტოებს აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა, თუმცა რეაქცია ძირითადად უარყოფითი იყო - უმრავლესობის აზრით, პანაშვიდზე ასეთი საქციელი მიუღებელია.