2013 წელი ქართულ შოუბიზნესში - კვირის პალიტრა

2013 წელი ქართულ შოუბიზნესში

როგორი იყო გასული წელი ქართულ კულტურასა და შოუბიზნესში? ვინ იყო 2013 წელს ყველაზე სკანდალური, ყველაზე სექსუალური, ყველაზე ლამაზი? "კვირის პალიტრა" სახალისო რეიტინგს გთავაზობთ.

წლის სკანდალური განქორწინება

ნინი ბადურაშვილის გათხოვებამ სრულიად საქართველო აალაპარაკა, თუმცა რამდენიმე თვეში გავრცელდა ჭორი, რომ მომღერალს ქმართან არცთუ კარგი ურთიერთობა ჰქონდა. ამას ისიც დაემატა, რომ ფეხმძიმე ნინი საქართველოში ჩამოვიდა, თუმცა მაშინ ამბობდა, რომ მსოფლიოში ყველაზე გულისხმიერი ქმარი ჰყავდა. საიდუმლოს ფარდა მისი მეუღლის, ირაკლი კუტალაძის, სკანდალურმა ინტერვიუმ ახადა. იგი ცოლს ადანაშაულებდა, თითქოს ნინის მხოლოდ ერთი მიზანი ჰქონდა - კანონიერად გაეჩინა შვილი... ასე იყო თუ ისე, ბადურაშვილისა და კუტალაძის განქორწინებაზე საქართველო დიდი ხანი ლაპარაკობდა...

წლის პლასტიკური ოპერაცია

ყოფილმა მოდელმა და ტელეწამყვანმა ეკო ფანგანმა ცხვირის პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა. ეს ცვლილება ეკოს გარეგნობას ისე დაეტყო, რომ მეგობრებმაც ვერ იცნეს....

წლის ქორწილი

"A სტუდიოს" ქართველი სოლისტის, ქეთა თოფურიას გრანდიოზული ქორწილი მოსკოვის მახლობლად გაიმართა. მომღერალმა დაბადებისა და ქორწინების თარიღები ერთმანეთს დაამთხვია. ქორწილში რუსული შოუბიზნესის კაშკაშა წარმომადგენლები იყვნენ მოწვეული. ქეთა ბიზნესმენ ლევ გეიხმანს სამი წლის განმავლობაში ხვდებოდა...

წლის ბიუსტი

პიანისტმა ხატია ბუნიათიშვილმა სრულიად საქართველო გადარია, როდესაც ფილარმონიის სცენაზე ბიუსტჰალტერის გარეშე გამოჩნდა... ღია ფერის კაბაში ხატიას გამომწვევად მოუჩანდა მკერდი.

წლის ქორწინება

ამ ნომინაციაში გამარჯვებულებად”ია ფარულავასა და ლალი მოროშკინას დავასახელებთ. ორი სკანდალური ქალბატონი 2013 წელს კიდევ ერთხელ გაბედნიერდა. იას ხელი პირდაპირ სცენაზე სთხოვა ტარიელ სუარმა... რაც შეეხება ლალი მოროშკინას, მართალია, მან ჩანგალი  - არა, მაგრამ ამურის ისარი კი ისროლა და წლის ბოლოს კიდევ ერთხელ გადაწყვიტა გათხოვება.

წლის რომანი

მოცეკვავე სალომე ჭაჭუასა და მსახიობ გიორგი ვარდოსანიძის რომანმა დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. ამ რომანს სალომესა და მისი ყოფილი შეყვარებულის, გიგი გაჩეჩილაძის 9-წლიანი ურთიერთობა შეეწირა.

"წლის ქველმოქმედი"

შორენა ბეგაშვილმა პირადი ნივთები გასაყიდად გამოიტანა და აღნიშნა, რომ შემოსულ თანხას ხანდაზმულთა პანსიონატს შესწირავდა. მის ამ ნაბიჯს საზოგადოების კრიტიკა მოჰყვა, რაზეც ბეგაშვილმა განაცხადა: "გაბოროტებულებო, უსაქმურებო, ტანსაცმელს იმიტომ ვყიდი, რომ ვიღაცას დავეხმარო და არა - ჯიბეში ჩავიდო. პირდაპირ ვის მივუტანო ჩემი კაბები? მოხუცებს? ეს არ არის ძღინკიანი კაბები, არც მე ვარ ჰოლივუდის ვარსკვლავი! მე ვარ შორენა და ვეხმარები მათ!"

წლის უმუშევრები

ამ ნომინაციაში ნინა წკრიალაშვილი და თიკო სადუნიშვილი მოხვდნენ. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ნინამ თავად დატოვა კულტურის სამინისტრო, რაც შეეხება თიკო სადუნიშვილს, აქტიური მხარდამჭერი იყო "ნაციონალური მოძრაობისა" და ვანო მერაბიშვილის მხარდამჭერ აქციაშიც მონაწილეობდა. თიკო აცხადებდა, რომ ხელისუფლების ცვლილების \შემდეგ პოზიცია ბევრმა შეიცვალა, თუმცა თავად ამას არასოდეს გააკეთებს.

"შემიძლია, ვაქო "ქართული ოცნება" და სამსახურს კარგი ანაზღაურებით ყოველთვის ვიშოვი"", - აცხადებდა ტელეწამყვანი, თუმცა ასეთი სამსახური ჯერჯერობით არ უშოვია.

წლის იმედგაცრუებული

ამ ნომინაციას მომღერალ ნინო ჩხეიძეს მივანიჭებთ - ხელისუფლების ცვლილების შემდეგ განაწყენებული ნინო აღნიშნავდა, რომ თბილისის მოდის კვირეულზე არ დაპატიჟეს. ""წინა ხელისუფლების დროს ხომ VIP  ვიყავი? ახლა აღარავის ვახსოვვარ!" მომღერალი მეგობრობს ვანო მერაბიშვილის ოჯახთან. მიაჩნია, რომ სწორედ ამის გამო დაიწუნა ახალმა ხელისუფლებამ.

წლის ჩხუბი

ამ მხრივ თავი თიკო სადუნიშვილმა და შორენა ბეგაშვილმა გამოიჩინეს. მათი დაპირისპირება ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როდესაც სადუნიშვილმა ერთ-ერთ სიუჟეტში შორენა "ტკბილად" მოიხსენია. ჩხუბი სოციალურ ქსელში სკანდალური წერილებით გაგრძელდა.

"წამლის გულისთვის ყველაფერზე წამსვლელი იყავი, თმა დაივარცხნე და დაგავიწყდა რაღაცები? წადი, ბავშვს მიხედე, თუმცა, ამასაც ვერ გააკეთებ, დედობა გაქვს ჩამორთმეული", - წერდა  ბეგაშვილი.

ნანუკა ჟორჟოლიანისა და ლალი მოროშკინას დაპირისპირებაც განხილვის თემად იქცა.

ნანუკა ჟორჟოლიანი: "ახლა მივხვდი, პატიმრები რატომ გორდებიან კიბეებიდან... პრესცენტრმა მითხრა, ლალი უსაფრთხოების სამსახურშიაო. ეტყობა, ამ მიმართულებით არის მრჩეველი".

"ვნანობ, რომ ნანუკა ჟორჟოლიანსაც არ მოვდე ჩანგალი", - უპასუხა ლალი მოროშკინამ.

წლის  ფოტოსესია

ნუკი კოშკელიშვილმა სექსუალური ფოტოსესიით ნამდვილად  შეძლო ყურადღების მიქცევა. მისმა ფოტოებმა თითქმის ყველა ინტერნეტსაიტი მოიარა. თავად ნუკი აცხადებდა, რომ ფოტოები მხოლოდ გართობის მიზნით გადაიღო... უნდა ვაღიაროთ, რომ ნუკის გართობა საკმაოდ "ცხელი"" გამოვიდა...

წლის "საოცარი" ჩაცმულობა

ამ ნომინაციაში კულტურის მინისტრის პირველ მოადგილეს, მარინე მიზანდარს კონკურენტი არ ჰყავს. ის მიღებებსა თუ ბრიფინგებზე უცნაურად ჩაცმული ჩნდება. მიზანდარის ერთობ ორიგინალურმა სტილმა ექსცენტრიკული ჩაცმულობით გამორჩეული ნანუკა ჟორჟოლიანიც კი გააოცა...