წლის განშორებები - კვირის პალიტრა

წლის განშორებები

გველის წელი ვარსკვლავური წყვილებისათვის, შეიძლება ითქვას,  გველური აღმოჩნდა: ურთიერთობა გაწყვიტეს ისეთმა წყვილებმა, რომლებიც ხანგრძლივი და ბედნიერი ოჯახური თანაცხოვრების ეტალონებად იყვნენ მიჩნეული. ჟურნალმა People-მაც ცნობილი განშორებების მთელი ოცეული შეადგინა. პირველ ადგილზე მაიკლ დუგლასისა და კეტრინ ზეტა ჯონსის 13-წლიანი ქორწინების აღსასრული აღმოჩნდა, რომლის ინიციატორიც, რაც უნდა გასაკვირი იყოს, არა მუდამ მშვენიერი კეტრინი, არამედ ყელის კიბოთი დატანჯული დუგლასი გახლდათ. არანაკლებ მოულოდნელი იყო ყველაზე ცნობილი ფრანგი წყვილის, მსახიობების, ვინსენტ კასელისა და მონიკა ბელუჩის განშორების ამბავიც, რომელმაც მათი 14-წლიანი ქორწინება დაასრულა. ბევრს ლაპარაკობდნენ მონიკასა და აზერბაიჯანელი მილიარდერის, ტელმან ისმაილოვის რომანზე, რასაც ბელუჩი დღემდე თავგამოდებით უარყოფს.

ცნობილ განქორწინებათა ოცეულში მოხვდა კლინტ ისტვუდიც, რომელიც 47 წლის ცოლს 83 წლის ასაკში დაშორდა და განქორწინების ინიციატორიც თავად გახლდათ. რა გეგმები აქვს უბერებელ კოვბოის, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ვერავინ უარყოფს, რომ იგი ჯერაც საკმაოდ მხნედ გამოიყურება. თინეიჯერების გულის მოსაკლავად, ერთმანეთს უკვე მერამდენედ დაშორდნენ "ბინდის" ვარსკვლავები რობერტ პატინსონი და კრისტენ სტიუარტი. როგორც ამბობენ, პატინსონი კრისტენს საქვეყნოდ რქების დადგმას ვერ პატიობს.