ბრიყვთა აღლუმი 2013: წლის ყველაზე სულელური დანაშაულები - კვირის პალიტრა

ბრიყვთა აღლუმი 2013: წლის ყველაზე სულელური დანაშაულები

ამერიკული გამოცემა Huffington Post-ი ტრადიციას არ ღალატობს და აქვეყნებს 2013 წელს ჩადენილი ყველაზე სულელური დანაშაულებისა და ბრიყვი დამნაშავეების რეიტინგს. "გენიოს" კრიმინალთა ვრცელი სიიდან "კვირის პალიტრა" მხოლოდ "განსაკუთრებულად ნიჭიერებზე" მოგითხრობთ.

"კამუფლაჟის" დიდოსტატი

24 წლის ადამ რობერტსი უფრო "ჰევი მეტალის" სოლისტს ჰგავს, ვიდრე მძარცველს - ყოველ შემთხვევაში, მართლა განსაკუთრებით ნიჭიერი უნდა იყო, რომ ასეთი სვირინგის პატრონმა გამვლელი უნიღბოდ გაძარცვო. რაც ყველაზე სასაცილოა, ძარცვის შემდეგ რობერტსი მიიმალა - თითქოსდა მისი გარეგნობის პატრონს ხალხში ვერ გამოარჩევდნენ.

სტუმრად ტომაჰავკთან

სამართლიანობა მოითხოვს, ითქვას, რომ მძარცველებმა, რომლებიც ნაჯახის ტყორცნაში ამერიკის ჩემპიონის, რობინ ირვინის სახლში შეიჭრნენ, არაფერი იცოდნენ მასპინძლის საქმიანობისა და ალბათ ვერც გაიგებდნენ, მძინარე რობინისთვის ხელიდან საათის მოხსნა რომ არ დაეპირებინათ. ჩემპიონმა გაიღვიძა და მძარცველებს ტომაჰავკით გამოეკიდა. ბოლოს, ირვინმა მძარცველების სკალპები შეიბრალა და ისინი პოლიციას ჩააბარა.

დედიკოს ბიჭი

როგორც ამ საქმის დიდოსტატი, "ბეიბი ფეის" ნილსონი ამბობდა, ბანკის გაძარცვა ყველას შეუძლია, ოღონდ საჭიროა მხოლოდ მცირეოდენი კონცენტრირებაო. როგორც ჩანს, 26 წლის ზაქარი ტენტორის სწორედ კონცენტრირება უჭირს. აბა, სხვას რას უნდა დააბრალო ის, რომ ახალგამომცხვარმა განგსტერმა ძარცვის ადგილზე დატოვა საკუთარი პირადობის, დაბადების მოწმობა და დედის 3 წერილი.

ბრედფორდელი ბეტმენის აღზევება და დაცემა

ბრედფორდელ ბეტმენად ცნობილმა სტენ ვორბიმ მსოფლიო პოპულარობას იმით მიაღწია, რომ დაპატიმრებული მეგობრის გირაოს გადასახდელად ბეტმენის კოსტიუმში გამოწყობილი მივიდა და ცეცხლოვანი სიტყვა წარმოთქვა პიროვნული თავისუფლების მნიშვნელობაზე. ვაი, რომ ბრედფორდელი ბეტმენის აღზევება ხანმოკლე აღმოჩნდა: სულ რამდენიმე თვეში თავად სტივი და მისი მეგობარიც დაიჭირეს გარაჟიდან ინსტრუმენტების მოპარვისთვის. "მე არა ვარ სუპერგმირი, - სინანულით განაცხადა ვორბიმ, - ქაბაბს ვჭამ და მსუქანა ვარ. გაქცევა რომც მომენდომებინა, ვერ გავიქცეოდი".

ზრდილი კაბალიეროები

როდესაც ძმები მარიო და დომინგო გარსიები სასადილოში შეცვივდნენ და  მეპატრონეს მოკვლით დაემუქრნენ, თუ საჭმელს არ აჭმევდა, მათ ასეთი პასუხი მიიღეს: დაბრძანდით, ახლავე მოგართმევთ. ზრდილი კაბალიეროებიც დაბრძანდნენ და მოთმინებით ელოდებოდნენ დამსახურებულ სადილს, სანამ პოლიცია არ მოვიდა და ისინი განყოფილებაში არ წააბრძანა.

კაცი ვარ დღეიდან! - თინეიჯერული კლასიკა

18 წლის ჯეიკობ ბრაუნი იმდენად აღტაცებული იყო საკუთარი გმირობით, რომ ამის შესახებ "ფეისბუკზე" დაპოსტა: "იოო, მაგრად დავთვერი, 140-ით მოვქროდი, თავი სუპერმენი მეგონა. კოპები”ამეკიდნენ, მაგრამ ჩემი ფეხები, ჩამოვიტოვე. კაცი ვარ!" კაცადქმნილი თინეიჯერი პოლიციამ პოსტის გამოქვეყნებიდან 3 საათში აიყვანა.