Science, Nature Monitor, National Geographic - წლის ყველაზე ამაღელვებელი აღმოჩენები
13-01-2014
Science, Nature Monitor, National Geographic - წლის ყველაზე ამაღელვებელი აღმოჩენები
შოუბიზნეს და პოლიტიკურ პორტალებს არც მეცნიერული საიტები ჩამორჩნენ და ლამის თითოეულმა მათგანმა საკუთარ მოვალეობად მიიჩნია, წლის ყველაზე ამაღელვებელი აღმოჩენების ათეული შეედგინა. სოლიდური გამოცემების, Science, Nature Monitor, National Geographic-ის მიერ შედგენილი ათეულებიდან "კვირის პალიტრა" იმ აღმოჩენათა ხუთეულს გთავაზობთ, რომელიც სამივე გამოცემაში მოხვდა.

კუზიანი რიჩარდის ჭეშმარიტი სახე - ლეიჩესტერში ბრიტანეთის ყველაზე ავბედითი მონარქის თავის ქალა აღმოაჩინეს

უკანასკნელი პლანტაგენეტის თავის ქალა ქალაქ ლეიჩესტერში  სრულიად შემთხვევით, გვირაბის გათხრისას აღმოაჩინეს. როდესაც დნმ-ის ანალიზით დამტკიცდა, რომ
თავის ქალა ნამდვილად რიჩარდ III-ს ეკუთვნოდა, ქვეყნის წამყვანი პროგრამისტები საქმეს შეუდგნენ და რამდენიმეთვიანი მუშაობის შემდგომ მსოფლიოს მონარქის ზუსტი პორტრეტი გააცნეს. ""მშვიდი და ჩაფიქრებული", "ფილოსოფოსი", "მეფე მონა ლიზას ღიმილით"," - ასე შეამკეს ახალი რიჩარდი ექსპერტებმა და პრესამ, ბრიტანულ ისტორიის სახელმძღვანელოებში კი ცივთვალება და დამცინავი ღიმილის მქონე
კუზიანი რიჩარდის ნაცვლად ამიერიდან სანდომიანი რიჩარდის სახე გამოჩნდება.

ნამდვილი რომი? - გაბიაში უძველესი ნანგრევები აღმოაჩინეს

რომიდან 11 მილის მოშორებით, პატარა, მაგრამ ძველთაძველ ქალაქ გაბიაში არქეოლოგებმა აღმოაჩინეს რომაული არქიტექტურის შენობათა კომპლექსის ნანგრევები, რომლებიც, თუ მათ გათვლებს დავუჯერებთ, ბევრად ძველია, ვიდრე რომაული არქიტექტურის რომელიმე ნაშთი. განსაკუთრებით ოპტიმისტები კი იმასაც აცხადებენ, რომ სწორედ ეს უნდა იყოს ადგილი, სადაც მარადიულ ქალაქს ჩაეყარა საფუძველი, რადგან ნანგრევები უძველეს ტაძრულ კომპლექსს წარმოადგენს. სავარაუდოდ, აქ იდგა იუპიტერის ტაძარი, რომელსაც რომაელები ახალი ტერიტორიის დაპყრობისას აღმართავდნენ ხოლმე.

ჰომო ერექტუსი დმანისიდან!


სენსაციურმა აღმოჩენამ საქართველოს პატარა ქალაქ დმანისში ევოლუციის ისტორია თავდაყირა დააყენა. თითქმის 2 მილიონი წელი უნაკლოდ შემონახულმა თავის ქალამ დარგის წამყვანი მეცნიერები ერთხმად მიიყვანა იმ დასკვნამდე, რომ ადრეული ევოლუციის პერიოდის ადამიანის განტოტვილი გენეალოგიური ოჯახი სხვა არაფერია, თუ არა ჰომო ერექტუსი (ორ ფეხზე გამართულად მოსიარულე პირველყოფილი ადამიანი)".
დმანისში აღმოჩენილი თავის ქალა მარტო როდი იყო: მეცნიერებმა გათხრებისას აღმოაჩინეს "თავის ქალების მთელი ოჯახი", რომელთა პატრონებიც, სავარაუდოდ, ერთსა და იმავე პერიოდში ცხოვრობდნენ და შეიძლება ერთი ტომის წარმომადგენლებიც კი იყვნენ. ამ აღმოჩენით მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ადრე ნაპოვნი თავის ქალებიც არა ჰომოს სხვადასხვა სახეობას, არამედ ჰომო ერექტუსს ეკუთვნოდა"...

მსოფლიოს უძველესი პორტი... ჯერჯერობით


სუეცის არხთან, პატარა ქალაქ ვადი ელ-ჯარფში არქეოლოგებმა ერთ-ერთი შენობის სარდაფში ნავები, ნიჩბები, მეზღვაურებითა და გემებით მოხატული თიხის ჭურჭელი და რაც მთავარია, პაპირუსზე იეროგლიფებით დაწერილი "დღიური" იპოვეს, სადაც პორტში ხომალდების შემოსვლა, ტვირთის გადატანა და მეზღვაურების შინაგანაწესი დეტალურად არის განხილული. არქეოლოგების მონაპოვარი ახ. წ. მესამე ათასწლეულით თარიღდება. ამ დროს ეგვიპტეში ფარაონი ხუფუ, ანუ ხეოფსი მეფობდა. პაპირუსში ნახსენებია კიდეც, რომ ხეოფსის პირამიდის (რომელიც უდიდესია პირამიდებს შორის) ასაგებად ზღვიდან მასალები შემოჰქონდათ. სამეცნიერო კონსენსუსით, პაპირუსი - ეგვიპტის უძველეს ხელნაწერად, ვადი ელ-ჯარფი კი მსოფლიოს უძველეს პორტად აღიარეს.

ახალი ძუძუმწოვარი - ოლინგიტო

მწერებისა და თევზებისაგან განსხვავებით, ახალი, თანაც ხორცისმჭამელი ძუძუმწოვრის აღმოჩენა XXI საუკუნეში მართლაც დიდი იშვიათობაა. თუმცა, სიმართლე ითქვას, ოლინგიტოს განსაკუთრებული აღმოჩენა არ სჭირდებოდა - მანგუსტის ნაირსახეობად მიჩნეული ეს ცხოველი ათასობით ბუდობს მადაგასკარის ტყეებში. თუმცა იმ ზოოპარკების მეცნიერი თანამშრომლები, სადაც მანგუსტად შერაცხილი ოლინგიტოები ჰყავდათ, ჩააფიქრა იმ ფაქტმა, რომ წითური მხეცები ჯიუტად უარს ამბობდნენ სხვა მანგუსტებთან შეჯვარებაზე.DNA ანალიზით კი დადგინდა, რომ ოლინგიტო არათუ მანგუსტი არ არის, არამედ მის ახლო ნათესავადაც კი არ გამოდგება - მეცნიერების განცხადებით, მისი ბიოჩონჩხი გაცილებით ახლოსაა ტყის ვირთხისა და ოპოსუმის აგებულებასთან, ვიდრე მანგუსტისა. რაც მთავარია, მათ დაასკვნეს, რომ ოლინგიტოს სრული უფლება აქვს, დამოუკიდებელ” ცხოველად იწოდებოდეს!
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით