ჩარლზ ბუკოვსკი - კვირის პალიტრა

ჩარლზ ბუკოვსკი

ჟურნალი "ლიტერატურული პალიტრა" იანვრის ნომერში იწყებს დიდი, ბებერი, ხულიგანი ამერიკელის, ჩარლზ ბუკოვსკის უკანასკნელი რომანის "მაკულატურის" ბეჭდვას. იანვრის ნომერში გთავაზობთ პირველ 11 თავს ამ ზოგისთვის გულისგასახეთქი და სხვათათვის კიდევ არაჩვეულებრივი რომანისა. ლიტერატურული წესიერების მოყვარულნი გულდაწყვეტილნი დარჩებიან ალბათ, ხულიგნობისკენ თვალგაქცეულები კი გაიხარებენ.

ჩარლზ ბუკოვსკი, მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის მეტად მნიშვნელოვანი, საინტერესო და კიდევ უფრო მეტად სკანდალური ავტორი, 1920 წელს დაიბადა გერმანიაში. მისმა მშობლებმა პირველი მსოფლიო ომის შემდეგ გაიცნეს ერთმანეთი. ჩარლზის მამა ამერიკის არმიის ოფიცერი იყო, გერმანული წარმოშობის, როგორც მაშინ ამბობდნენ ხოლმე, პირველი თაობის ამერიკელი. ოჯახი მალევე დაბრუნდა დეტროიტში, მერე კი კალიფორნიაში გადავიდა საცხოვრებლად. ჩარლზს მძიმე ბავშვობა ჰქონდა. სუსტი ჯანმრთელობის გარდა, მდგომარეობას ართულებდა ლამის ყოველკვირეული ცემა-ტყეპა მამისაგან და ოჯახის მკაცრი მოთხოვნა, რაც შეიძლება ნაკლებად გაკარებოდა სხვებს, თანატოლებს. ადრეულ წლებში გადატანილმა ამ პრობლემებმა ბუკოვსკის როგორღაც ბუნებრივად უჩვენა გზა ლოს ანჯელესის ბიბლიოთეკისკენ. კითხვა მთელი სიცოცხლის განმავლობაში დარჩა მის საყვარელ საქმიანობად. რაც შეეხება ბუკოვსკის შემოქმედებას, როგორც თავად იხსენებდა, პირველი მოთხრობა 13 წლისამ დაწერა, გამოქვეყნებით კი 40-იან წლებში იწყება მისი ლიტერატურული კარიერა. იგი ბევრს მოგზაურობდა ახალგაზრდობაში, თუმცა ბევრს არ წერდა. 60-იანების დასაწყისიდან განუხრელად იზრდება ბუკოვსკის პოპულარობა სამწერლობო წრეებში, მისი ლექსები ხშირად იბეჭდება მცირეტირაჟიანი, გავლენიანი პოეტური ალმანახებისა თუ ჟურნალების ფურცლებზე. რაც შეეხება რომანებს, პირველი მათგანი ბუკოვსკიმ 1971 წელს გამოაქვეყნა.

"ფოსტა" - ასე ერქვა რომანს და მან დაუყოვნებლივ მოუტანა დიდი პოპულარობა ავტორს, განსაკუთრებით ევროპელი მკითხველი აღაფრთოვანა. საბოლოოდ, სიცოცხლეში მოთხრობების თექვსმეტი, ლექსების რამდენიმე ათეული კრებული და ექვსი რომანი გამოსცა, მათ შორის - უკანასკნელი, "მაკულატურა“, რომელსაც ამჟამად ჩვენ გთავაზობთ. კრიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ ეს წიგნი, რომელსაც ბუკოვსკიმ თავისი ცხოვრების უკანასკნელი სამი წელი მიუძღვნა, იქცა მისი მწერლური ნიჭის საუკეთესო გამოვლინებად. უკიდურესად ირონიული, სარკასტული, დაუნდობელი, შავი იუმორით სავსე ეს დეტექტივი ძალიან დიდი ხულიგანის სიკვდილისწინა, უკანასკნელი ანგლობაა. ამბავი იმისა, როგორ მივიდა ლოსანჯელესელ კერძო დეტექტივთან ქალბატონი სიკვდილი და როგორ სთხოვა ერთი, წესით, 1961 წელს გარდაცვლილი ფრანგი მწერლის მოძებნა, გამექცაო. იმედი გვაქვს, ჩვენი მკითხველი კმაყოფილი დარჩება როგორც ჩარლზ ბუკოვსკის ამ ნაწარმოების (სხვათა შორის, დღემდე გამოიცემა მისი არქივი, წერილები, რომანები, ლექსები) გაცნობით, ისე თარგმანის ხარისხითაც, ხოლო მას, ვინც დაწვრილებით იცნობს მეოცე საუკუნის მსოფლიო ლიტერატურას, კიდევ დამატებითი სიამოვნება ელის წინ, როცა პერსონაჟებს შორის თავისთვის ნაცნობ რომანისტებს, პოეტებსა თუ პროზაიკოსებს გადააწყდება ერთი შეხედვით სრულიად წარმოუდგენელ ამპლუაში.

ზაალ ჩხეიძე