პოლიციელთა კურიოზები - კვირის პალიტრა

პოლიციელთა კურიოზები

სომალელი ზანგის "ქართული" თავგადასავალი

ზანგი ისმაილას ამბავი მთელმა საქართველომ იცის. ისმაილა სომალიდან სამოქალაქო ომსა და გაჭირვებას გამოექცა, - ჰუმანიტარული მისიით მომავალ ამერიკულ გემზე აიპარა. როცა გემზე დაუპატიჟებელი სტუმარი იპოვეს, უკვე გვიან იყო, გემი ოკეანის ტალღებს მიაპობდა. რას იზამდნენ, ცოცხალ კაცს  წყალში ხომ არ გადააგდებდნენ?

გემს საქართველოში, ფოთის პორტშიც უნდა შემოევლო. გემის კაპიტანმა ისმაილას ურჩია, ამ ქვეყანაში თუ ჩახვალ, თორემ არაა შენი საშველი, სხვა არც ერთი ქვეყანა არ ჩაგადგმევინებს ფეხს გემიდანო. ისმაილამაც დაუჯერა გემის კაპიტანს და ბათუმის პორტში, სკამზე დაიდო ბინა. მოგვიანებით უთვისტომო სომალელმა თბილისში ჩამოაღწია და ერთ მშვენიერ დღეს პოლიციის ყურადღებაც მიიქცია. ისმაილას მაშინდელი მთაწმინდა-კრწანისის პოლიციის განყოფილებაში სტუმრის სტატუსით მიუჩინეს ბინა. მგონი, ჟურნალისტი არ დარჩენილა, ვისაც ისმაილასგან ინტერვიუ არ აეღო.

ეს ამბავი კი მანამდე მოხდა, ვიდრე ისმაილა ქართული მედიის "ვარსკვლავი" გახდებოდა. ერთ დღეს პოლიციის განყოფილებაში "სანდო პირი-17"-მა ინფორმაცია მიიტანა: ესა და ეს ძებნილი გამოჩნდა და შინ იმალებაო. განყოფილებაში სასწრაფოდ თათბირი მოიწვიეს და სპეციალურ ჯგუფს დაავალეს, რადაც უნდა დასჯდომოდა, ძებნილი დაეკავებინა. მაშინ ყველა დამნაშავის დასაკავებლად სპეცრაზმის გამოძახება და სახლში შევარდნა არ იყო მიღებული, ამიტომ გადაწყდა, ოპერაციაში პოლიციის განყოფილებას შეფარებული ისმაილაც ჩაერთოთ. დაახლოებით ღამის 2 საათზე ძებნილის კარს ზანგი (რომელიც იმ დროისთვის საქართველოში ერთადერთი იყო) მიაყენეს. ძებნილმა სათვალთვალოში გამოიხედა და გაოგნდა: ღამის ორ საათზე ზანგი მისდგომოდა კარს და გაუგებრად ბურტყუნებდა. ზანგის დანახვაზე ძებნილმა უშიშრად გააღო კარი და... გასკვანჩეს კიდეც!

გაოგნებულმა ისღა ამოილუღლუღა, არ მეგონა, თბილისში ზანგიც თუ პოლიციასთან იყო შეკრულიო!

KvirisPalitra.Ge"კონტრაბანდისტი" საფრანგეთის ელჩი

მართალია, შარშანწინ, აგვისტოს ომის დროს, საფრანგეთის პრეზიდენტმა დიდი სამსახური გაგვიწია, მოსკოვსა და თბილისს შორის თავდაუზოგავად ირბინა, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ ქართველი პოლიციელების წყალობით რამდენიმე წლის წინ საფრანგეთმა კინაღამ ომი გამოგვიცხადა. მოგეხსენებათ, უხელფასო პოლიცია იმ ხანად ფულის შოვნაზე იყო მიშვებული. უფლება ჰქონდა, რაც უნდოდა, ის ეკეთებინა, ოღონდ ხელისუფლებისთვის არ მოეთხოვა ხელფასი. წინასაახალწლო დღეები იდგა და მაშინდელი შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი მაღალჩინოსნის ერთი "ჭკუით გატენილი" ნათესავი საშოვარზე გავიდა და ჰოი, საოცრებავ, შენიშნა, რომ მის უბანში მის დაუკითხავად ვიღაცას ერთ-ერთ შენობასთან ტრაილერი  მიეყენებინა და "საეჭვო" ყუთები შენობაში გამალებით შეჰქონდათ. პოლიციელმა დაუფიქრებლად იარაღი დააძრო და მტვირთავებს ომახიანად შესძახა: შესდექით, დაპატიმრებული ხართ. ოპერატიული ინფორმაცია გვაქვს, კონტრაბანდას აქვს ადგილიო. ატყდა ერთი გაწევ-გამოწევა, საბუთების ფრიალი, მაგრამ შენც არ მომიკვდე, პოლიციელი საბუთებს ზედაც არ უყურებს და "კონტრაბანდისტებს" განყოფილებაში ექაჩება. ამასობაში ხმაურზე შენობიდან უცხოელი გამოვიდა და თარჯიმნის მეშვეობით აურზაურის მიზეზი მოიკითხა. შენ ვინ ხარ, მიზეზის კითხვასაც რომ ბედავო, შეუბღვირა მაღალჩინოსნის ნათესაობით გადიდგულებულმა პოლიციელმა. მე საფრანგეთის ელჩი ვარ და ასეთ თავხედობას ვერ მოვითმენო, - უპასუხა უცხოელმა.

შენ საფრანგეთის ელჩი კი არა, საფრანგეთის მთავრობის ძებნილი დამნაშავე, კონტრაბანდისტი და ნარკომოვაჭრე ხარ, კანონის ძალით დაპატიმრებულად გაცხადებო და ეცა ჩვენი პოლიციელი ელჩს, ხელბორკილების დადება დაუპირა. პოლიციელის ქცევით გაოგნებულ დაცვას ნერვებმა უმტყუნა, გაკოჭეს ურჩი პოლიციელი და ელჩის თანხლებით მშობლიურ პოლიციის განყოფილებაში მიაბრძანეს. შეურაცხყოფილმა საფრანგეთის ელჩმა, ბუნებრივია, ეს ამბავი საფრანგეთის მთავრობას აცნობა და ატყდა ერთი ამბავი, საპროტესტო ნოტების ფრიალი. საქმის მოსაგვარებლად შინაგან საქმეთა მინისტრი თავად ეახლა საფრანგეთის ელჩს და საერთაშორისო სკანდალს საქმეში ედუარდ შევარდნაძის ჩარევის შემდეგ გადავურჩით.

ნათესავის უტვინობით დაზაფრული სამმართველოს უფროსი გაქაფული მივარდა პოლიციაში და ნათესავს ეკითხება: შე უპატრონო,  რა გინდოდა, მაინცდამაინც საფრანგეთის საელჩოს რომ მიახტი, დავიჯერო, გოიმი ვერ იშოვე ამხელა თბილისშიო?

- ვერ მივხვდი, ბატონო, საელჩო რომ იყოო.

- ჯანდაბას შენი თავი, არც წერა იცი, არც კითხვა, მაგრამ იმხელა დროშა მაინც ვერ დაინახეო?

- მაგისთანა დროშა გიჟ იურასაც უკიდია  ბალკონზე, მარა საელჩოა ვითომო? - "იმართლა თავი" პოლიციელმა.

KvirisPalitra.Ge"რამკიანი" ქურდი გალიდან სამტრედიამდე...

ერთი ნაცნობი მყავდა, კოლონიის თანამშრომელი, დაზმირი ერქვა, მაგრამ "ბუცა ქურდს" ეძახდა ყველა რატომღაც. ამას წინათ ბატონი დაზმირი შემხვდა და ისე, სასხვათაშორისოდ ვკითხე, "ბუცა ქურდს" რატომ გეძახიან-მეთქი.

- გალიდან სამტრედიაში მივდიოდი ავტობუსით. ხობში ავტობუსში ჯიბგირები ამოლაგდნენ და დაიწყო ძარცვა, ხან ერთ მგზავრს მიადგნენ, ხან - მეორეს. ბოლოს და ბოლოს, თავი სამართალდამცველად მიმაჩნდა და მგზავრების დასაცავად ფეხზე წამოვდექი. ის იყო, რაღაცის თქმა დავაპირე, რომ ჯიბგირები მობრუნდნენ,  მძღოლს ავტობუსი გააჩერებინეს და ომახიანად გამომძახეს, დაზმირ უფროსო, ჩავდივართო. მართალია, ვერც ერთი ვერ ვიცანი, მაგრამ წლობით კოლონიაში ვიყავი ნამუშევარი და ჯიბგირებმა მიცნეს აშკარად. ჯიბგირები ჩავიდნენ და მე ჩემს ადგილს დავუბრუნდი. სამტრედიაში შევედით თუ არა, ჩემ წინ მჯდომი ერთი ქალი ეუბნება მეორეს, ბუცა, ბუცა, მოსინჯე, ხომ გაქვს ყველაფერი ადგილზე, თორემ მთლად უფროსი ქურდი აგერ ზის, იმათ რა ამბავი დაატრიალეს და ეს ხომ გაგვცლიდა ერთიანადო. ასე ვიჯექი "მთლად უფროს ქურდად" გალიდან სამტრედიამდე.

ეს ამბავი კოლონიაში თანამშრომლებს ვუამბე და ისე მოეწონათ, "ბუცა ქურდი" შემარქვეს. სახელებში არ მიმართლებს აშკარად, დაზმირი გერქვას კაცს, სახელი შეგიცვალონ და ისიც "ბუცა ქურდი" შეგარქვან, უიღბლობაა აბა, რა!