ცუდი ბიბერი პოლიციას ჩაჰბარდა - კვირის პალიტრა

ცუდი ბიბერი პოლიციას ჩაჰბარდა

გოგონათა გულთამპყრობლის, 19 წლის კანადელი პოპვარსკვლავ ჯასტინ ბიბერის სასამართლო 10 მარტს გაიმართება: მომღერალს ბრალად ედება შარშან, დეკემბერში, ლიმუზინის მძღოლის ცემა. მანამდე კი ნასვამმა ბიბერმა თავისი "ლამბორჯინით" ქუჩაში რბოლა მოაწყო. იმის გამო, რომ  ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ მყოფი ვადაგასული მართვის მოწმობით მართავდა მანქანას, მაიამის სასამართლოს შეეძლო ის ნახევარი წლით ციხეში გამოემწყვდია, მაგრამ სასამართლოზე ყმაწვილმა თავი მოისაწყლა და მხოლოდ მცირე გირაო აკმარეს. გახარებული ბიბერი მეგობარ გოგონასა და კამპანიასთან ერთად პანამის პლაჟზე გაემგზავრა, თუმცა დროს ტარება არ დასცალდა - ბიბერმა ფართო საზოგადოებრივ ზეწოლას ვერ გაუძლო და  თინეიჯერი ფანების დიდი მღელვარების მიუხედავად, პოლიციას თავისი ნებით ჩაჰბარდა. საქმე ისაა, რომ მისი საგმირო საქმეების გამო თეთრ სახლში 130 000 ამერიკელის ხელმოწერით პეტიცია შევიდა - მოქალაქეები პრეზიდენტ ობამასგან ითხოვენ ქვეყნიდან ბიბერის დეპორტაციას, რადგან "მისი საქციელი და ცხოვრების წესი ამერიკელ ახალგაზრდობაზე უარყოფითად მოქმედებს."