ისინი, ვინც 2009 წელს გაგვაოცა... - კვირის პალიტრა

ისინი, ვინც 2009 წელს გაგვაოცა...

ცნობილი ადამიანები ხშირად ეხვევიან სასაცილო ფათერაკებში, ფულს ქარს ატანენ, ანგრევენ ოჯახს და თავსაც საჭორაოდ იხდიან. ჩვენც სწორედ მათზე მოგითხრობთ, ვინც შარშან გაგვაოცა.

განსახილველთა სიას სათავეში სილვიო ბერლუსკონი უდგას, რომელიც საკმაოდ დააზარალა გიჟი აქტივისტის თავდასხმამ. რა თქმა უნდა, სულაც არ გვახალისებს ეს ამბავი და სწრაფად გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ, მაგრამ შარშანვე მას იმდენი კურიოზი გადახდა, იმდენ სკანდალში გაეხვია, რომ სამართლიანად დასახელდა 2009 წლის ყველაზე ეპატაჟურ პერსონად. მისი ხმაურიანი თავგადასავლები შარშან, შობას დაიწყო. მსოფლიო პრესაში მოხვდა იტალიის პრემიერისა და ნახევრად შიშველი ლამაზმანების ფოტოები. მოგვიანებით, ორგიის ერთ-ერთმა მონაწილემ ჟურნალისტებს დეტალებიც გაუმხილა და დაიწყო და დაიწყო... ბერლუსკონი იძულებული გახდა, ის ყბადაღებული ვილა, რომელზეც ხშირად ატარებდა დროს, აუქციონზე გასაყიდად გამოეტანა. თუმცა არც ამან უშველა, - მეუღლემ გაყრაზე მაინც შეიტანა სარჩელი. მექალთანე ბერლუსკონის უთუოდ დიდძალ ფულს მოსთხოვს ქმრის გაუთავებელი ღალატით შეურაცხყოფილი ცოლი.

KvirisPalitra.Geბერლუსკონის რუსი კოლეგა და მეგობარი ვლადიმირ პუტინი თავის პირად ცხოვრებაში ჟურნალისტებს არ ახედებს, მაგრამ საზოგადოების გაკვირვება მაინც მოახერხა. თავისივე საქველმოქმედო პროექტმა იგი მოლბერტთანაც კი მიიყვანა... პუტინის ნახატი აუქციონზე სულ რაღაც 20 ათას რუბლად გამოიტანეს, მაგრამ... 37 მლნ რუბლად გაიყიდა!

KvirisPalitra.Geფინანსური კრიზისის მიუხედავად, რომან აბრამოვიჩი თავისას არ იშლის. მისი კოლექცია მსოფლიოში ყველაზე დიდი, 170 მეტრი სიგრძის გემით შეივსო. აბრამოვიჩმა მასში 340 მლნ ევრო გადაიხადა. ამ თანხასთან შედარებით კარიბის ზღვის კუნძულებზე კურორტის შესაძენად 90 მლნ ევროს გადახდა ბევრი არაფერია!

ვარსკვლავურ სკანდალებში, რა თქმა უნდა, პირველ ადგილზე პერის ჰილტონია. ქერა კინოვარსკვლავმა თავის 13 ძაღლს ბევერლი-ჰილზში სახლი აუშენა, რომელსაც საცურაო აუზიც აქვს.

არანაკლებ ხმაურიანია "ფლეიბოის" დამაარსებლის, ჰიუ ჰეფნერის განქორწინების საქმეც. მართალია, იგი კიმბერლი კონრადს 11 წლის წინ დაშორდა, მაგრამ აქამდე ოფიციალურ მეუღლეებად მიიჩნეოდნენ. ახლა საუკეთესო ადვოკატები იმას ცდილობენ, კიმბერლის გროშიც არ შეხვდეს. რაც შეეხება სიყვარულს... 11 წლის წინანდელი გრძნობების გახსენებაც არ სურს 83 წლის ბერიკაცს, რომელიც ერთდროულად სამ ახალგაზრდა მოდელთან ცხოვრობს. თითოეულს ქალბატონი ჰეფნერის ტიტულის მიღება სურს...

სკანდალების მოყვარული "შავი ავაზა" ნაომი კემპბელი ვერც საყვარელმა მამაკაცმა, ვლადიმირ დორონინმა დააწყნარა. იგი ძველებურად ატერორებს თავხედ ჟურნალისტებს, ერთ მათგანს კინაღამ თვალი გამოსთხარა. საბედნიეროდ, ასე არ მოხდა!..