ნანატრი შვილი ანუ სიურპრიზი ქართულად - კვირის პალიტრა

ნანატრი შვილი ანუ სიურპრიზი ქართულად

სანამ სანდრო ბჭობდა, სხვანაირად ფიქრობდნენ ღმერთი და პატარა ნიკოლოზი...

ამ  მხიარული საახალწლო ამბის გმირი სულაც არ გახლავთ "სანტა-კლაუსი გამოძახებით". არადა, ყველაფერი ძალიან მოულოდნელად მოხდა...

ნატა და სანდრო 12 წლის წინ დაქორწინდნენ, მაგრამ შვილი არ ჰყავდათ. ამას კი ორივე ძალიან განიცდიდა. სამსახურის გამო ცოლ-ქმარი კარგა ხნის წინ გადავიდა გერმანიაში საცხოვრებლად. შარშან ნატას კვლავ სამსახურის გამო საქართველოში მოუწია დაბრუნებამ. გაუჭირდა წყვილს ერთმანეთის გარეშე ყოფნა, მაგრამ სხვა რა გზა ჰქონდათ. თბილისში ჩამოსულმა ნატამ მალევე გაიგო, რომ ორსულად იყო. მის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, მაგრამ რატომღაც გადაწყვიტა, ეს ამბავი ქმრისთვის გაესაიდუმლოებინა და ბოლო წუთებში გაემხილა. რძალს მხარი აუბეს დედამთილმა და მულმაც, რომლებიც საიდუმლოდ აგროვებდნენ პატარასთვის ნაირ-ნაირ სამოსსა და სათამაშოებს და გულმოდგინედ უმალავდნენ სანდროს.

ახალი წლის დადგომამდე რამდენიმე საათით ადრე ნატა დედამთილს სკაიპით უკავშირდებოდა გერმანიაში, სანდრო ამ დროისთვის საბერძნეთში იმყოფებოდა მივლინებით, საიდანაც კვლავ ფრანკფურტში უნდა დაბრუნებულიყო. ნატამ ქმარი მოიკითხა, ხომ არ ჩამოსულაო. დედამთილმაც უპასუხა, კი, ცოტა ხნის წინ დამირეკა, უკვე გერმანიაშია, შინ მალე მოვა და დაგირეკავსო.

ის-ის იყო, მეცხრე თვეში გადამდგარი ნატა კომპიუტერს მოსცილდა და სავარძელში მიესვენა, რომ კარზე ზარმაც დარეკა. ქალმა კარი გააღო, ზღურბლთან ზორბა სანტა-კლაუსი  იდგა, რომელსაც ხელოვნურ, დაფანჩულ წარბებსა და წვერ-ულვაშში მხოლოდ ცხვირი მოუჩანდა.

- ალბათ მისამართი შეგეშალათო, - გაუღიმა ნატამ სანტა-კლაუსს, რაზეც დაუპატიჟებელმა სტუმარმა თავი გაიქნია, - არა, ნამდვილად აქ ვარ გამოგზავნილიო. თან უზარმაზარი წითელი ტომარა შინ შეათრია.

სანტა-კლაუსი სავარძელში მოკალათდა და მასპინძელს სთხოვა, წყალი დამალევინეთო. ნატამ ჩაი შესთავაზა, ისიც სიამოვნებით დათანხმდა. სანამ ქალი სამზარეულოში ჩაის ამზადებდა, სტუმარმა შარვალი და მოსასხამი გაიხადა და ნატას მოლოდინში გაიტრუნა.

ამის შემდეგ მოქმედება ელვის სისწრაფით განვითარდა. ოთახში მობრუნებულ ნატას ფინჯან-ლამბაქიანი ლანგარი ხელიდან გაუვარდა და ელდანაკრავი ძირს დაეცა. სავარძელში სანტა- კლაუსის ნაცვლად სანდრო იჯდა, ნატას ქმარი! ნატა ჯერ მოულოდნელობისგან გაოგნდა, რას მეტყვის სანდრო, ამხელა მუცელს რომ დაინახავსო. თანაც სანდროსაც ეჭვიანი ქმრის როლის თამაში დაუწყია და შეშინებული ნატასთვის საყვედურები დაუყრია. - ჩანს, თბილისში იმიტომ წამოხვედი, აქ სხვა გყავდა შეგულებული, აი, თურმე ბავშვსაც ელოდებიო. არადა, სანდრომ თურმე შესანიშნავად იცოდა, რაც ხდებოდა თბილისში! ყველაფერი სრულიად მოულოდნელად დედამისისა და ნატას ინტერნეტმიმოწერიდან შეუტყვია, მერე მომავალი ბებიისა და მამიდის მიერ პატარასთვის ნაყიდი საჩუქრებიც უნახავს და გადაუწყვეტია, "მოღალატეებისთვის" ჭკუა ესწავლებინა! ამიტომაც საბერძნეთში მივლინების დასრულების შემდეგ დედას დაურეკა და უთხრა, გერმანიაში ვბრუნდებიო, სინამდვილეში კი თბილისში წამოსულა!

ნატას ნერვიულობისგან სამშობიარო ტკივილები დაეწყო. სანდრო ამაოდ ცდილობდა დაერწმუნებინა, რომ სულაც არ ეჭვიანობდა და მხოლოდ იხუმრა, მაგრამ ვეღარც ქალი მშვიდდებოდა და ტკივილიც მატულობდა. პროფესიით ექიმ სანდროს რატომღაც არ უცდია სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება. ეგონა, ცოლს დაამშვიდებდა და ახალ წელს კვლავ ორნი შეხვდებოდნენ, თუმცა, აღმოჩნდა, რომ სანამ სანდრო ბჭობდა, სხვანაირად ფიქრობდნენ ღმერთი და პატარა ნიკოლოზი, რომელსაც ერთი სული ჰქონდა, ქვეყანას მოვლენოდა. მოკლედ, 2010 წლის დადგომას რომ სულ ცოტაღა აკლდა, სანდროსა და ნატას პირველი და ძალიან ნანატრი ვაჟი შეეძინათ. ბიჭი სანტა-კლაუსის ქუდიანი მამის ხელებში გაჩნდა და ბებიაქალის ყველა მოვალეობაც მამამ შეასრულა.

მაგარი ამბავია, ხომ? ასეთი სიურპრიზები არ მოგკლებოდეთ მრავალ ახალ წელს.