პატარა "ფეხბურთელები" - კვირის პალიტრა

პატარა "ფეხბურთელები"

ინგლისში, ჩესტერის ზოოპარკმა, სადაც 40 ე.წ. ჰუმბოლდტის პინგვინი ბინადრობს, მათი ნაშიერების ბოლო თაობა საზოგადოებას წარუდგინა. საქმე ის არის, წელს ზოოპარკის თანამშრომლებმა უარი თქვეს ახალგამოჩეკილებისთვის  ტრადიციულად სატელევიზიო საბავშვო სერიალების სხვადასხვა პერსონაჟის სახელების დარქმევაზე და გადაწყვიტეს, წელს, ზაფხულში, ბრაზილიაში გასამართ ფეხბურთში მე-20 მსოფლიო ჩემპიონატთან დაკავშირებით, მათთვის ინგლისური ფეხბურთის სუპერვარსკვლავების სახელები ეწოდებინათ... პირველად გამოიჩეკა ინგლისის ნაკრების ფორვარდი "უეინ რუნი", რომლის წონა 87 გ-ია. მეორე გახდა ნაკრების კაპიტანი "სტივენ ჯერარდი" (92 გ), მესამე - 1966 წ. მსოფლიოს ჩემპიონი ინგლისის ნაკრების მეკარე "გორდონ ბენქსი" (84 გ), ხოლო მეოთხე - ასევე მსოფლიოს ჩემპიონი, ინგლისის ნაკრების კაპიტანი "ბობი მური" (89 გ). პინგვინების მთავარი ზედამხედველის, კარენ ნიჩის განცხადებით, ოთხივე ნაშიერი ჯანმრთელია და სწრაფად იმატებს წონაში. "ვიმედოვნებთ, პატარა ფეხბურთელები არ დაგვაღალატებენ და ისეთივე ძლიერები, ამტანები და ხალისიანები იქნებიან, როგორიც ჩვენი ფეხბურთის ნამდვილი ვარსკვლავები, ხოლო ჩვენი ნაკრებისთვის მომავალ პაექრობაში თილისმის მაგივრობასაც გასწევენ", - ამბობს ნიჩი.