ლომების "ვატერლოო" ოკოვანგოს ჭაობებში - კვირის პალიტრა

ლომების "ვატერლოო" ოკოვანგოს ჭაობებში

ინგლისელი ველური ბუნების ფოტოგრაფი ბენ კრენკი სამხრეთ აფრიკაში, ბოტსვანის ოკოვანგოს ჭაობებში კამეჩების ჯოგთან ბრძოლაში ლომების პრაიდის სამარცხვინო დამარცხებას  შეესწრო. "ბოტსვანაში ველური ბუნების გადასაღებად ჩამოვედი, მაგრამ რას ვიფიქრებდი, თუ ასეთ მასშტაბურ სანახაობას შევესწრებოდი. ლომებმა ჯოგს განაპირებული ზაქის მონადირება გადაწყვიტეს. ზაქის დედა და კიდევ ერთი ფურკამეჩი თავდაუზოგავად ეკვეთნენ მტაცებლებს. ლომებმა იციან, რა საშიშია კამეჩებთან ბრძოლა, მაგრამ პრაიდი მშიერი იყო და ჩანს, თავის დაზოგვას არ აპირებდნენ. ჭაობში წყალი ლამის ადუღდა!

გააფთრებულ ბრძოლაში სხვა ლომებიც ჩაერთვნენ. ფურების სიცოცხლე ბეწვზე ეკიდა, მაგრამ მათ ხარებმა მოუსწრეს!

ბრძოლის ველს ოხშივარი ასდიოდა, კამეჩებმა იმძლავრეს და მანამდე არ გაჩერდნენ, სანამ ყველა ლომი არ გარეკეს... გადარჩენილი ზაქი კი ჯოგის შუაგულისკენ გაიქცა - ეტყობა, კიდევ დიდხანს ვერ გაბედავს "დედის წინ ხტუნვას", - ამბობს უნიკალური ფოტოების ავტორი.