"მშვენიერი" მახინჯები - კვირის პალიტრა

"მშვენიერი" მახინჯები

ალბათ არაერთ ადამიანს დაუწუწუნია რამდენიმე ზედმეტი კილოგრამის ან უპროპორციო ნაკვთების გამო და არც კი დაფიქრებულა, რომ დედამიწაზე ცხოვრობენ ადამიანები, რომელთა დანახვაც ყველას აშინებს, იმდენად შეუხედავები არიან, რომ სარკეში ჩახედვაც კი ზარავთ, თუმცა, ამავდროულად, ნიჭიერები და წარმატებული არიან. შეიძლება ითქვას, რომ ეს ადამიანები მხნეობისა და სიმტკიცის მაგალითს აძლევენ ჩვეულებრივ მოკვდავთ და მავანთათვის სასიამოვნო ემოციებისა და შთაგონების წყაროც კი ხდებიან.

ჰიუგოს სევდიანი შთაგონება

1163 წელს, საფრანგეთის მეფე ლუი მეშვიდემ მდინარე სენას შუაგულში მდებარე კუნძულ იდელასიტაზე დიდებული ტაძრის აგება ბრძანა. საუკუნეების განმავლობაში კუნძული იდელასიტა წმინდა ადგილად იყო მიჩნეული და სწორედ იქ, სადაც იუპიტერის ტაძარი იდგა, შეუდარებელი პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი უნდა აეგოთ. როდესაც მშენებლები კუნძულს მიადგნენ, უცნაური სანახაობა იხილეს: უძველესი ტაძრის სამარხს ეწერა სიტყვა "ბედისწერა", ხოლო აკლდამაში ორი ჩონჩხი იპოვეს: ერთი - ახალგაზრდა, მშვენიერი ქალისა, მეორე - კუზიანი, მახინჯი არსებისა, რომელსაც ისე ჩაეკრა გულში ქალი, რომ მათი დაცილება ძლივს მოახერხეს. სწორედ ამ სამარხმა შთააგონა ვიქტორ ჰიუგოს თავისი გენიალური რომანის შექმნა, ამ ამბის წყალობით შეიქმნა ესმერალდასა და კვაზიმოდოს უკვდავი ისტორია და ადამიანთა მოდგმა კიდევ ერთხელ ჩააფიქრა: მაინც, სად გადის ზღვარი სიმახინჯესა და მშვენიერებას შორის.

შემზარავი რიჩარდ კილი

ალბათ ბევრს ახსოვს ჯეიმს ბონდის ლითონისკბილებიანი მტერი მასზე გადაღებული ფილმებიდან. 217-სანტიმეტრიანმა სიმაღლემ და საშინელმა სახემ რიჩარდ კილს სამუდამოდ მიაკერა პათოლოგიური ბოროტმოქმედის იარლიყი. "ინსპექტორ გაჯეტში" მან საკუთარი თავის პაროდიაც კი შეასრულა, თუმცა კილის შემოქმედებითი ამბიციები გაცილებით შორს წავიდა: კილი გახდა სცენარისტი და პროდიუსერი არცთუ წარმატებული, მაგრამ კრიტიკოსების აზრით, შესანიშნავი ფილმისა "გოლიათი ჭექა-ქუხილის მთიდან". რიჩარდ კილი, როგორც იქნა, განიკურნა ალკოჰოლიზმისაგან და ამჟამად მზიურ კალიფორნიაში ცხოვრობს.

ხანა ლალი

მას ყველა გაურბის, სოფლის განაპირას ცხოვრობს და თავადაც ეშინია საკუთარი სახის დანახვის. ხანა ლალი ინდოეთის პატარა სოფელში დაიბადა. მას დაბადებისთანავე სახეზე პატარა ხორცმეტი ჰქონდა, მაგრამ მშობლები იმდენად ღარიბები იყვნენ, რომ ბავშვი ექიმთან ვერ მიიყვანეს... ამჟამად ხანა ლალი 35 წლის არის, უკვე ჭამაც უჭირს და ლაპარაკიც არ შეუძლია, რადგან სახეზე უზარმაზარი სიმსივნე აქვს ჩამოკიდებული. ხანა არავის ეკარება და მხოლოდ დისშვილების მხარდაჭერის იმედი აქვს. მათ ძალიან უყვართ და ებრალებათ ბიძა, ამბობენ, რომ ის საუცხოო ადამიანია და ცდილობენ ცოლი მოუძებნონ, მაგრამ ვინც კაცს ნახულობს, ყველა გაურბის.

ერთხანს ხანამ ოპერაციის გაკეთება სცადა, მაგრამ კინაღამ გადაჰყვა, ამიტომ ექიმებმა ქირურგიულ ჩარევაზე ფიქრიც კი აუკრძალეს. დროთა განმავლობაში ლალიმ ცალ თვალში მხედველობა, ხოლო ცალ ყურში სმენა დაკარგა. უკვე ვეღარც ღეჭავს, რადგან კბილები ჩამოსცვივდა და ყბის ძვალიც გადაუგვარდა. სიმსივნე კი იზრდება და იზრდება...

სიმახინჯე - ფულის შოვნის წყარო?

ჯონი ეკი, რომელიც ცნობილი მსახიობი გახლდათ, 1911 წელს, ნახევარი სხეულით დაიბადა.

მისი ტანი მთავრდებოდა იქ, სადაც თეძოები იწყებოდა. მიუხედავად ამისა, ის საოცრად ხალისიანი და სიცოცხლით სავსე ადამიანი იყო.

ჯონმა გადაწყვიტა თავისი ფიზიკური ნაკლი ფულის შოვნის წყაროდ ექცია და ეს მოახერხა კიდეც.

მსახიობს უამრავ ფილმში აქვს შესრულებული მეორეხარისხოვანი როლები და მთელი ცხოვრების განმავლობაში ცნობილ და წარმატებულ მსახიობად ითვლებოდა. ჯონი ეკი 1991 წელს სიმდიდრესა და ფუფუნებაში გარდაიცვალა.

უცნაური მეთიუ მაკგრორი

მეთიუს სიმაღლე სკოლაში შესვლამდე უკვე 150 სანტიმეტრი იყო, ხოლო ზრდასრულ ასაკში - 229 სანტიმეტრი. დაბალი, მკერდისმიერი ხმა და თანდაყოლილი არტისტიზმი დაეხმარა პოპულარული გამხდარიყო. თავიდან მეთიუს  გადასაღებად პოპულარულ კლიპებსა და შოუებში იწვევდნენ, შემდეგ კი ფილმებშიც მოსინჯა ბედი...  მეთიუ მაკგრორის შესანიშნავი სამსახიობო კარიერა ჰქონდა და ამისათვის სულაც არ შეუშლია ხელი უცნაურ, გამორჩეულ გარეგნობას. მსახიობი პოპულარობის ზენიტში, 32 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ჯუჯა ლორდი "სამეფო კარის თამაშებიდან"

პიტერ ჰაიდენ დინკლეიჯი თეატრისა და კინოს ამერიკელი მსახიობია, რომელიც თანდაყოლილი მემკვიდრეობითი დაავადებით,  "ჯუჯების სინდრომით" დაიბადა. მისი სიმაღლე 135 სანტიმეტრია. დინკლეიჯი პოპულარული გახდა ფილმ "სადგურის ზედამხედველში" შესრულებული როლით. არანაკლები სახელი და დიდება მოუტანა მას "სამეფო კარის თამაშებმა", სადაც დინკლეიჯი ჯუჯა ლორდის როლს შესაშური ოსტატობით ასრულებს...