"ხარი ხართან რომ დააბა...", ანუ გაძაღლებული ძროხა - კვირის პალიტრა

"ხარი ხართან რომ დააბა...", ანუ გაძაღლებული ძროხა

კალიფორნიაში ცხოველთა რეაბილიტაციის ერთ-ერთი საქველმოქმედო ფონდის თანამშრომელს, ბეთ დი კაპრიოს "პრობლემა" აქვს: მან შინ გამოზარდა ხბო, რომელიც ბოროტ პატრონს ჩამოართვეს და ფონდს ჩააბარეს. საქმე ის არის, რომ ხბო, სახელად "რძის კოქტეილი", მართალია 400 კგ-იან ძროხად იქცა, მაგრამ თავი ძაღლი ჰგონია! "ხბო ძაღლებს შორის გაიზარდა, მისი ყველა მეგობარი ძაღლია და დარწმუნებულია, რომ თავადაც ძაღლია. ფინიასავით სულ უკან დამდევს, ხოლო ჭამის დროს გობით იმავე საკვებს მთხოვს, რასაც ძაღლებს ვაძლევ. მას ბალახი არასდროს მოუძოვია და ძროხებთანაც არასდროს მოხვედრილა. სახლში რომ ვეღარ დაეტია, ჩვენსავე რანჩოში გადმოვიყვანეთ, მაგრამ ბალახს არც აქ აკარებს პირს - ძაღლების მსგავსად მუდამ მშვიდად ელოდება, როდის დავაპურებ. კიდევ კარგი, რანჩოში გადმოვიყვანეთ, თორემ სახლში აბაზანაშიც კი ცდილობდა შემომყოლოდა. სამზარეულოში კი ჭამის დროს რომ შემოდიოდა, უნებურად მთელ ავეჯს გვიმტვრევდა. მაგრამ არასდროს ვუჯავრდებოდით, რადგან "რძის კოქტეილი" ყველას ძალიან გვიყვარს", - ამბობს ბეთი.