ბედნიერება ნოეს კიდობანში
28-07-2014
ბედნიერება ნოეს კიდობანში
ბალუ, ლეო და შერ ხანი პოლიციელებმა 2001 წელს ატლანტის ერთ-ერთი სახლის სარდაფში იპოვეს, როცა ნარკოტიკებით მოვაჭრეთა საიდუმლო ბუნაგი აღმოაჩინეს. ბელი და ბოკვრები, რომლებსაც ყოფილი პატრონები სასტიკად ექცეოდნენ, ცხოველთა დამცველ საქველმოქმედო ორგანიზაცია "ნოეს კიდობანს" მიაბარეს. როცა პატარებს ვიწრო გალიებისა და ბორკილებისგან გაჩენილი ჭრილობები მოურჩათ, მათი დაშორიშორება სცადეს, მაგრამ მოულოდნელად სამივემ სასტიკად მოიწყინა, ჭამაც კი შეწყვიტა! როგორც კი დათვი, ლომი და ვეფხვი კვლავ ერთ ვოლიერში მოათავსეს, ყველაფერი კალაპოტში ჩადგა. ახლა მათი კარ-მიდამო
1 ჰექტარია, სადაც ბუნებრივი ნაკადული მოჩუხჩუხებს. აქვთ სოფლის სახლი, სადაც სამივე შეხმატკბილებულად ცხოვრობს.

დღესდღეობით მსოფლიოში ეს ერთადერთი შემთხვევაა, როცა სამი სხვადასხვა სახეობის დიდი მტაცებელი, დაახლოებით ერთი ასაკისა და თანაც სამივე ხვადი, ასე ერთად და მეგობრულად ცხოვრობს. მომვლელები მათ  4 წელიწადს აკვირდებოდნენ, ვიდრე ვოლიერი დამთვალიერებლებისთვის გაიხსნებოდა. 

დათვი ბალუ 360 კგ-ს იწონის, ლომი ლეო - 200 კგ-ს, ხოლო ვეფხვი შერ ხანი - 136 კგ-ს.  მომვლელების მტკიცებით, ლომიც და მისი მეგობრებიც აქ ნამდვილად ბედნიერად გრძნობენ თავს. საინტერესოა, რომ ლეოსაც  და შერ ხანსაც ბალუ განსაკუთრებულად უყვართ. ბუნებრივია, მსუნაგ დათუნიას კანფეტებისა და გოგრის ჭამაში ლომი და ვეფხვი ვერ შეეცილებიან, სამაგიეროდ, ცდილობენ, საჭყუმპალაოში თუ ბურთის თამაშში ხელი არავინ შეუშალოს.     

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით