ხალიანი ქალაქი
04-08-2014
ხალიანი ქალაქი
ქალაქი ნარა 13 საუკუნის წინ იაპონიის დედაქალაქი იყო. იმ დროიდან აქაურობას  მრავალი ტაძარი და ბევრი სხვა ღირსშესანიშნაობა შემორჩა, ამ ადგილს  უწყვეტად სტუმრობენ ტურისტები თუ მომლოცველები. მაგრამ ძველი დედაქალაქის უმთავრესი ღირსშესანიშნაობა ხალიანი ირმებია, რომლებიც ნარაში წმინდა ცხოველებადაა გამოცხადებული.

დღეისთვის ამ პატარა ქალაქში 1200-ზე მეტი ირემი ბინადრობს, რომლებიც ჯოგებად  დაეხეტებიან ქუჩებში. ირმებისთვის არ არსებობს არანაირი აკრძალვა.  მთავარ გზაზე მძინარე ან მწოლიარე ირმებს მძღოლმა ფრთხილად უნდა შემოუაროს... მსგავს წესებს ნარას მცხოვრებნი 1000 წელია,
იცავენ. ლეგენდის თანახმად, ყველა აქაური ირემი იმ ირმის შთამომავალია, რომლითაც ზეციდან იაპონიის პირველი იმპერატორი დაეშვა. ხოლო ნარას დედაქალაქად გამოცხადების შემდეგ, მისი მფარველი ღვთაება კასუგა ტაისიაც აქ თეთრი ირმით მოვიდა. მას შემდეგ ნარაში თვლიან, რომ ირმებს ღმერთები გზავნიან ქალაქისა და ქვეყნის დასაცავად.

ირმები ტურისტებს დრუნჩის შეხებით
სთხოვენ მათთვის განკუთვნილი სპეციალური ნამცხვარი სიკა-სენბეი მიართვან, რომელიც ყოველ ნაბიჯზე იყიდება. ეს ნამცხვარი მათ ყოველგვარ ფოთოლსა და ბალახს ურჩევნიათ. ყოველწლიურად ოქტომბერში ნარაში ტარდება დღესასწაული  სიკა-ნო-ძუნოკირი - ამ დღეს ყველა რქებწამოზრდილ ირემს იჭერენ და რქებს აშორებენ. 1892 წლიდან ნარაში ერთი ლამაზი ტრადიცია დამკვიდრდა: ზამთრის მიწურულს, როდესაც ბუნებრივი საკვები მცირდება და მათ ხელოვნურად კვებავენ, სადილად ირმებს უხმობს მუსიკოსი, რომელიც ჰორნზე ბეთჰოვენის მე-6 სიმფონიას ასრულებს. ეს ტრადიცია მხოლოდ მეორე მსოფლიოს ომის დროს შეწყდა და 1949 წელს აღდგა. 1979 წლის 11 თებერვალს კი ცნობილმა იტალიელმა მესაყვირემ ნინო როსომ ექსპერიმენტი ჩაატარა და ბეთჰოვენის მე-6 სიმფონია არა ჰორნზე, არამედ საყვირზე შეასრულა. ირმებმა მაინც იცნეს ნაცნობი მელოდია და ყველა როსოს გარშემო მოგროვდა...        
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით