რემბოს დედაც ღონიერი უნდა იყოს? - კვირის პალიტრა

რემბოს დედაც ღონიერი უნდა იყოს?

მრავალრიცხოვანი პლასტიკური ოპერაციებით ცნობილი ქალბატონი ჟაკლინ, იგივე ჯეკი სტალონე ჰოლივუდის მეგავარსკვლავ სილვესტერ სტალონეს დედა გახლავთ. მას შემდეგ, რაც მისი ვაჟი მულტიმილიონერი გახდა, ჟაკლინს ფინანსური პრობლემები არ აწუხებს. შედეგად, მეტისმეტად აქტიურმა დედიკომ თავის გასალამაზებლად იმდენი პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა, რომ ბოლოს იძულებული გახდა, ეღიარებინა, "თხილით პირგამოტენილ ბურუნდუკს" დავემსგავსეო...

ამჯერად ჯაკლინი ისეთმა საქმემ გაიტაცა, რომ "რემბოს" ნამდვილად მოეწონება. არავინ იცის, 92 წლის ქალბატონს ვინ ჩააგონა, მაგრამ ფაქტია, პლასტიკურ ქირურგებს თავი ანება და სავარჯიშო დარბაზში გადაინაცვლა. საინტერესო ის არის, რომ მსუბუქი ვარჯიშით ფორმის შენარჩუნებას არ სჯერდება და ენერგიის დახარჯვას ძალოსნური მეთოდებით ცდილობს - შტანგასაც ეწევა და რგოლებზე აზიდვასაც ახერხებს. მეთვალყურე ექიმები ამბობენ, - სოლიდური ასაკის მიუხედავად, ქალი საოცრად ენერგიულია და მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრებაო.