უატესტატო სასიძო - კვირის პალიტრა

უატესტატო სასიძო

ჰოლივუდის ყველაზე სასურველი სასიძო - სუპერვარსკვლავი კიანუ რივზი 2 სექტემბერს 50 წლის გახდა. მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მსახიობი ეგზოტიკური მამაკაცია - მის  ძარღვებში შერეულია ინგლისური, ირლანდიური, ჩინური, ჰავაიური და პორტუგალიური სისხლი. ის ბეირუთში დაიბადა და დედასთან ერთად ბევრი მოგზაურობა უწევდა. 3 წლის იყო, როცა დედა კრიმინალური წარსულის მქონე ქმარს, კიანუს მამას დაშორდა. მას შემდეგ კიდევ 3-ჯერ გათხოვდა და გაშორდა ქმრებს. თავად კიანუ კი არასდროს დაქორწინებულა.

1999 წელს მის შეყვარებულს  - ჯენიფერ საიმსს მკვდრადშობილი გოგონა შეეძინა, ხოლო 2001 წელს თავად  საიმსი ავტოკატასტროფაში დაიღუპა.

ბავშვობაში კიანუს სწავლა უჭირდა და ჰოკეისტობაზე ოცნებობდა, საბოლოოდ ატესტატი არც აუღია. სამაგიეროდ, 9 წლიდან იღებდნენ რეკლამებში. მერე ბედი კინოშიც სცადა... სხვათა შორის, რივზი მხოლოდ მსახიობი კი არა, მუსიკოსიცაა და დიდხანს უკრავდა ბას-გიტარაზე ანსამბლებში "დოგსტარი" და "ბეკი". ახლახან კი მოტოციკლების მწარმოებელი კომპანიაც შექმნა.