"რა ბრედ პიტი, რის ანჯელინა..." - კვირის პალიტრა

"რა ბრედ პიტი, რის ანჯელინა..."

45 წლის ჯენიფერ ენისტონი თავის მეგობარ მამაკაცთან, ჯასტინ ტერუსთან ერთად ტორონტოს კინოფესტივალზე ჩავიდა, სადაც ფილმი "ნამცხვარი" უნდა წარედგინა და მაშინვე ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა. წითელ ხალიჩაზე ჯენიფერთან ერთად გავიდა მისი პარტნიორი ფილმში სემ უორინგტონი. ჯენიფერს მუქი სამოსის ქვეშ ბიუსტჰალტერი არ ეცვა და კაშკაშა სინათლეში მისი მკერდი მკაფიოდ გამოჩნდა, თუმცა, ამას შესანიშნავ ფორმაში მყოფმა ბრედ პიტის პირველმა ცოლმა ყურადღება არ მიაქცია. სუპერვარსკვლავი სახითა და პოზით აშკარად ეუბნებოდა ყველას - რის ბრედი, რა პიტი, თავი დამანებეთო. ჯენიფერი წითელ ხალიჩაზე პარტნიორს ეხუტებოდა და ამავე დროს ნაზად უღიმოდა თავის საქმროს - ჯასტინ ტერუს. ჟურნალისტებს კი მხოლოდ ფილმზე ელაპარაკებოდა და პირად თემაზე შეკითხვებს არ პასუხობდა... საქმე ის არის, რომ პიტისა და ჯოლის ქორწილის შემდეგ ენისტონის ოფიციალურმა აგენტმა ჟურნალისტებს განუცხადა, - სუპერვარსკვლავი არავითარ კომენტარებს არ გააკეთებს ყოფილი ქმრის ქორწინებასთან დაკავშირებით და საერთოდ არაფრის მოყოლას არ აპირებს პირადი ცხოვრების შესახებ. ხოლო ის, ვინც გარისკავს და შეეკითხება, შესაბამის პასუხს მიიღებსო! საგულისხმოა, რომ ახლახან "თუდეი შოუს" წამყვანმა კარსონ დეილიმ, რომლის ინტერვიუსაც ჯენიფერთან ლამის მთელი ამერიკა უყურებდა და ელოდა კითხვის დასმას ბრედისა და ანჯელინას ქორწილთან დაკავშირებით, სიტყვის დაძვრა ვერ გაბედა.

ჯანიფერმა ასევე აკრძალა შოუს დროს მისი წარსულიდან კადრების ჩვენება. წამყვანმა მხოლოდ მისი მომავალი ქორწილის შესახებ ჰკითხა, თუმცა, ენისტონმა არც მისი და ტერუს ჯვრისწერის თარიღი დაასახელა.