ქალღმერთი 80 წლისაა!
29-09-2014
ქალღმერთი 80 წლისაა!
20 სექტემბერს იტალიის ქალღმერთი - სოფი ლორენი 80 წლის გახდა. სოფია შიკოლონე  პროვინციელი მსახიობების ოჯახში დაიბადა, ის რომის უქონელთა საავადმყოფოში გაჩნდა. მამამ ოჯახი მალევე მიატოვა და გოგონამ ბავშვობაში ბევრი გაჭირვება გამოიარა. მოუხეშავ, აწოწილ მოზარდს სკოლაშიც დასცინოდნენ და "ქანდარას" ეძახდნენ, თუმცა 14 წლისა ისე გალამაზდა, რომ მიყოლებით იმარჯვებდა სილამაზის კონკურსებში. სწორედ მორიგ კონკურსზე შენიშნა ის ცნობილმა პროდიუსერმა კარლო პონტიმ, რომელიც მასზე 22 წლით უფროსი იყო. მათ ერთმანეთი თავდავიწყებით შეუყვარდათ. ვატიკანმა კათოლიკე
პონტის გაყრის ნებართვა არ აღირსა და წყვილმა მექსიკაში საიდუმლოდ იქორწინა. მოგვიანებით, როცა კარლო პირველ ცოლს ოფიციალურად გაეყარა, სოფიზე მეორედ იქორწინა.

თავდაპირველად პროდიუსერი სოფის  ეროტიკულ ფილმებში ათამაშებდა, მისი ფსევდონიმი სოფია ნაძარო გახლდათ, პონტის მოთხოვნით კი 1953 წელს სოფი ლორენი გახდა... 1950-იან წლებში ლორენი იტალიის სექსსიმბოლოდ იქცა.
თუმცა, სერიოზულ ფილმებში გამოჩენისთანავე, გოგონა სუპერვარსკვლავი გახდა და სკანდალის გამოსარიცხად, პონტიმ ყველა ის ფილმი გამოისყიდა, სადაც მზეთუნახავი მეუღლე  ნახევრად შიშველი თამაშობდა. 

სოფი გახლავთ კანის, ვენეციის, მოსკოვის, ბერლინის, სან-სებასტიანის კინოფესტივალების მრავალგზის გამარჯვებული, ხუთი  "ოქროს გლობუსისა" და ორი "ოსკარის" მფლობელი, თუმცა ეს არაფერია იმ თაყვანისცემასთან შედარებით, რომელიც მსახიობმა პლანეტის მასშტაბით მოიპოვა. გენუის არქიეპისკოპოსმა განაცხადა, რომ მართალია, ეკლესია ეწინააღმდეგება კლონირებას, მაგრამ სოფისთვის გამონაკლისის დაშვება მისაღებია...

წლების მანძილზე უშვილობით გაწამებული მსახიობისთვის ყველაზე ძვირფასი საჩუქარი მისი ორი შვილის - კარლო პონტი-უმცროსის (ამჟამად ვენის ორკესტრის დირიჟორი) და ედუარდოს (ამჟამად რეჟისორი) დაბადება გახდა. სოფის იუბილე მთელმა იტალიამ აღნიშნა, მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა მექსიკელმა კარლოს სლიმმა კი მეხიკოს "სოუმაიას" მუზეუმში მოაწყო მსოფლიოში პირველი რეტროსპექტული გამოფენა - "სოფი ლორენი: გუშინ, დღეს და ხვალ".

საზეიმო სადილსა და მუზეუმის გახსნას წითელ სამოსში გამოწყობილ იუბილართან ერთად უამრავი ადამიანი დაესწრო. სოფი კი წითელი ტორტით სტუმრებს გაუმასპინძლდა...        



მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით