დავაქორწინეთ, მააშ! - კვირის პალიტრა

დავაქორწინეთ, მააშ!

აღსრულდა! - 27 სექტემბერს, ვენეციაში, პლანეტის ყველაზე ცნობილმა ბერბიჭამ, ჯორჯ კლუნიმ, ადვოკატ ამალ ალამუდინზე იქორწინა. ქორწილის ცერემონია, რომელიც შვიდვარსკვლავიან სასტუმრო "ამანიში" გაიმართა, ისე იყო გასაიდუმლოებული, რომ პაპარაცებიც ვერაფერს გახდნენ - მხოლოდ სიძის კატარღებიანი მაყრიონის გადაღება შეძლეს. სამაგიეროდ, მეორე დღეს მისტერ და  მისის კლუნები არავის დამალვიან და მეუღლეების რანგში საზოგადოებას პირველად წარუდგნენ: ქორწილის ღამის შემდეგ "ამანიდან" გამოსულები, ვენეციის დიდი არხის გავლით ხუთვარსკვლავიან სასტუმრო "კიპრიანისკენ" კატარღით გაემართნენ, სადაც ქორწილის დანარჩენი სტუმრები - ჰოლივუდის ლამის მთელი ბომონდი და უახლოესი ნათესავები იყვნენ გაჩერებული.

ნახევრად ლიბანელ და ნახევრად ბრიტანელ, მეტისმეტად გრძელფეხება ალამუდინს  ძალიან მოკლე ნაქარგი კაბა ეცვა და არც ერთ ჰოლივუდის სუპერვარსკვლავზე ნაკლებად მომხიბლავი არ იყო. ფოტოგრაფებმა მოახერხეს თეთრი ოქროს საქორწინო ბეჭდების დაფიქსირება.

ქორწილის ცერემონია სულ 20 წუთს გაგრძელდა, საზეიმო სუფრაზე იტალიური სამზარეულოს ყველაზე განთქმული კერძები 5-ჯერ შეიცვალა. ალამუდინის მამამ, რამზი ალამუდინმა ახალდაქორწინებულებს საჯაროდ მიმართა - "შვილიშვილების გაჩენის დრო დადგა"! წყვილმა საქორწილო სუფრის ყველა სტუმარს მხიარული შავ-თეთრი რეტროფოტო დაურიგა, სადაც ჯორჯი საცოლის შლაპას ჰკბენს, სამადლობელი წარწერით: "დიდი მადლობა ამხელა გზის გამოვლისა და ჩვენი ბედნიერების გაზიარებისთვის!"