მეორე მსოფლიო ომის მსხვერპლი - კვირის პალიტრა

მეორე მსოფლიო ომის მსხვერპლი

ინგლისის ქალაქ შეფილდის მახლობლად, ლინკოლნშირის საგრაფოს ერთ-ერთ პატარა დაბაში მეხანძრეები 4 საათის განმავლობაში ცდილობდნენ გადაერჩინათ ძროხა, რომელიც ლამის მეორე მსოფლიო ომის მსხვერპლი გახდა.

საქმე ისაა, რომ ძროხა ამელიმ, რომელიც, პატრონის განმარტებით, სხვა ძროხებისგან განსხვავებით, მეტად ცნობისმოყვარეა, მეორე მსოფლიო ომის დროს აგებული "დოტის" ანუ ბეტონის საცეცხლე წერტილის ვიწრო ფანჯარაში თავი შეყო და გაიჭედა. ამელი, რომელიც მაკედაა, ვერც პატრონმა გაათავისუფლა და ვერ მეზობლებმა, რის შემდეგაც საშველად მეხანძრეებს უხმეს. მათY კი შეშინებული ძროხის დასაწყნარებლად ვეტერინარიც გამოიძახეს, რომელმაც ამელის დამამშვიდებელი ინიექცია გაუკეთა. მხოლოდ ამის შემდეგ შეუდგნენ მაშველები სპეციალური ბურღით ბეტონის დანგრევას... საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დასრულდა და მაკე ძროხაც და პატრონიც თავს ნორმალურად გრძნობენ.