"დიდი გასეირნება" ღამღამობით - კვირის პალიტრა

"დიდი გასეირნება" ღამღამობით

მეცნიერებმა ღამის ხედვის კამერებით უნიკალური კადრები დააფიქსირეს. მათ ველურ ბუნებაში ისეთ ცხოველებს გადაუღეს ერთად ფოტოები, რომლებიც ჩვეულებრივად მუდამ გვერდს უვლიან და ვერც კი ამჩნევენ ერთმანეთს. აფრიკის სავანის ბინადარი ვივერისებრთა წარმომადგენელი გენეტა დღისით იმალება და მხოლოდ ღამით ნადირობს მომცრო მღრღნელებზე, ფრინველებზე, ქვეწარმავლებზე, იპარავს კვერცხებს, იჭერს თევზებს. მისი სხეულის სიგრძე 50 სმ-ია, კუდისა კი 45 სმ. იმდენად მოქნილია, ეკლიანი ტოტებიც კი ვერ აბრკოლებს. ამიტომ სამხრეთაფრიკელ მკვლევრებს მეტად გაუკვირდათ, როცა გენეტამ ღამით ნამდვილი "ავტოსტოპი" მოაწყო და კამეჩის ზურგზე ლამის მთელი ღამე ისეირნა. რაოდენ დიდი იყო მათი გაოცება, როცა რამდენიმე დღის შემდეგ გრძელკუდა ონავარი მარტორქის ზურგზე მოსეირნე აღმოაჩინეს. "ეს ფაქტი ვერაფრით ავხსენით. გენეტამ რამდენიმე დღის მანძილზე ბევრი კამეჩითა და მარტორქით იმგზავრა. გენეტა მეტად სწრაფი, ეშმაკი და მოხერხებული მტაცებელია. წარმატებული ნადირობისთვის მას კამეჩის ან მარტორქას ზურგზე ასვლა არ სჭირდება. საოცარია, მაგრამ ჩანს, ამ გენეტას "ავტოსტოპით" გასეირნება მოსწონს", - ამბობენ გაკვირვებული ზოოლოგები.