ორსულების "ანგელოზის ბალი" - კვირის პალიტრა

ორსულების "ანგელოზის ბალი"

20 ოქტომბერს ნიუ-იორკში, უოლ-სთრიტზე მეტად პრესტიჟული ყოველწლიური გალა-შოუ  "ანგელოზის ბალი" გაიმართა,  რომელსაც ყოველწლიურად მსოფლიოში სიმსივნის საწინააღმდეგო ცნობილი საქველმოქმედო "გაბრიელას ანგელოზის ფონდი" აწყობს. ფონდი 1996 წელს ლეიკემიით დაავადებული 27 წლის ულამაზესი მსახიობის, გაბრიელა რიჩის უკანასკნელი სურვილით დაარსდა. მისი გარდაცვალების შემდეგ დედამისმა - კომპოზიტორმა და ფილანთროპმა დენიზ რიჩი-აიზენბერგმა და ბაბუამ - მდიდარმა მეწარმემ, ემილ აიზენბერგმა დააფუძნეს ფონდი, რომელიც აფინანსებს ყველაზე აქტუალურ სამეცნიერო კვლევებს და ეხმარება ავადმყოფებს. სახსრების მისაზიდად კი ფონდი ყოველწლიურად მართავს გალა-წარმოდგენას - "ანგელოზის ბალი", რომელსაც, სუპერვარსკვლავების გარდა, ტრადიციულად სტუმრობენ როგორც სპონსორები - ცნობილი ბიზნესმენები სხვადასხვა ქვეყნიდან,  მათ შორის არაბი შეიხები, ასევე დიპლომატები, პოლიტიკოსები და ა.შ.

წლევანდელი საზეიმო საღამოს მუსიკალური სტუმრები იყვნენ ჯეიმი ფოქსი, ლუდაკრისი, ლეგენდარული მუსიკოსი ნაილ როჯერსი, თუმცა მთავარი სტუმარი ორსული მუსიკოსი ალისია კისი გახდა. 33 წლის სუპერვარსკვლავი - პიანისტი, პოეტი, კომპოზიტორი და მომღერალი ალისია და მისი 36 წლის რეპერი მეუღლე სუიზ ბიცი ქორწინების მეოთხე წლისთავზე მეორე ბავშვს ელოდებიან. ალისიას მეტად უხდებოდა შავი სამოსი. წყვილი გამუდმებით ცდილობდა, საზოგადოებისთვის ეჩვენებინა, რომ ბედნიერები არიან, რისთვისაც რეპერი მეუღლეს მუცელზე საჯაროდ ეფერებოდა.

ასევე განსაკუთრებული ყურადღებით მიიღო საზოგადოებამ მეორე ვარსკვლავური წყვილი - მსახიობები ბლეიკ ლაივლი და რაიან რეინოლდსი. ლაივლიც ორსულადაა და მისი სუპერვარკვლავი შეყვარებული წუთითაც არ შორდება. თეთრ სამოსში ხაზგასმულად გამოკვართული ლაივლის ნახვის შემდეგ ყველას აინტერესებს, დაასწრებს თუ არა ქორწილი ბავშვის დაბადებას.