47 წლის ერთგული "ლამაზმანი"
03-11-2014
47 წლის ერთგული "ლამაზმანი"
ჯულია რობერტსი 29 ოქტომბერს 47 წლის გახდა, თუმცა ჰოლივუდის მეგავარსკვლავი გამუდმებით ყურადღების ცენტრშია. ცოტა ხნის წინ, როცა პაპარაცებმა ის დიდი ნაქსოვი ჯემპრით შემოსილი გადაიღეს, მაშინვე ხმა გავრცელდა, ლამაზმანი”ისევ ორსულადააო. ჭორებზე ჯულიას არ უპასუხია და მორიგ საქველმოქმედო საღამოზე ისეთი შემოტკეცილი კაბით გამოცხადდა, ორსულობაზე ეჭვი მაშინვე გაქრა. სამაგიეროდ, ყვითელი პრესა მეორე დღესვე აჭრელდა საყვარელ ქმართან - დენი მოდერთან  სავარაუდო გაყრის ამბებით...

ჯულია პატარაობიდანვე დიდებაზე ოცნებობდა და სკოლის დამთავრების შემდეგ ნიუ-იორკს გაემგზავრა, სადაც
უამრავ კასტინგში მონაწილეობდა. ცოტა ხანს მოდელად მუშაობდა, 1986 წელს პირველი ეპიზოდური როლი ითამაშა, ხოლო 1989 წელს ფილმმა, მისი მონაწილეობით, "ფოლადის მაგნოლიები", რომელიც "ოსკარზე" იყო წარდგენილი, "ოქროს გლობუსი" მიიღო. ამას მოჰყვა ფილმი "ლამაზმანი", რომლის შემდეგ ჯულია ოლიმპიდან აღარც ჩამოსულა...

მზეთუნახავს ბევრი რომანი ჰქონდა წარმატებულ და მდიდარ
კავალრებთან, თუმცა საბოლოოდ ცოლად უბრალო კინოოპერატორ დენიელ მოდერს გაჰყვა, რომელიც ფილმ "მექსიკელის" გადაღებებზე 14 წლის წინ გაიცნო. დენიელი ცოლიანი გახლდათ, მაგრამ ჯულიას სატრფოს "გამოსასყიდად" უკან არ დაუხევია - განქორწინებისთვის მის ცოლთან ვაჭრობა 10 000 დოლარიდან დაიწყო და 220 000 დოლარით დაასრულა!

2004 წელს ჯულიასა და დენის ტყუპი - ჰეზელი და ფინეასი შეეძინათ, 2007 წელს კი ვაჟი ჰენრი. მას შემდეგ, რაც მრავალშვილიანი დედა გახდა, ერთ დროს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ჰოლივუდის მსახიობი ხშირად უარს ამბობს სარფიან როლებზე, სამაგიეროდ დიდ ყურადღებას უთმობს ოჯახს.
ბოლო დროს კი ვარსკვლავი გამუდმებით უახლოესი მეგობრის - ჯორჯ კლუნის ქორწილს ახსენებს (მსახიობები ძალიან დამეგობრდნენ "ოუშენის 12 მეგობრის" გადაღებაზე). ჯულიას თქმით, ის ჯორჯს ძალიან ხშირად ესაუბრება და რჩევებს აძლევს: "ჩვენ გამუდმებით და ბევრს ვლაპარაკობდით მთელი ამ დროის განმავლობაში, რაც ჯორჯმა სასიძოობიდან ქმრობამდე გაიარა. ახლა კი მისი დამრიგებელი ვარ ცოლქმრული ცხოვრების ნიუანსებში. სხვათა შორის, ჯორჯს მიაჩნია, რომ მე ამის სრული უფლება მაქვს", - განუცხადა იუბილარმა გაოცებულ ჟურნალისტებს.       

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით