შექმენი ლეგენდა შენი ძაღლისგან
03-11-2014
შექმენი ლეგენდა შენი ძაღლისგან
რევანში გამართულ საერთაშორისო კინოლოგიურ გამოფენაზე  საქართველოდან მონაწილე 12 ძაღლი სამშობლოში ჯილდოებით დაბრუნდა - ფრანგულმა ბულდოგმა და ლაბრადორ რეტრივერმა ჩემპიონობა მოიპოვეს. ჯიშში საუკეთესოებად დასახელდნენ ასევე ჩვენებური“კანე-კორსო, როტვეილერი და კავკასიური ნაგაზი. ერევანმა წელს პირველად უმასპინძლა ამ რანგის გამოფენას, რომელსაც ყველაზე მრავალრიცხოვანი დელეგაცია რუსეთიდან ესტუმრა. რუსი კინოლოგების თქმით, ვერ წარმოედგინათ, რომ ქართველების 12 ძაღლი ფაქტობრივად ყველა მთავარ პრიზს აართმევდათ. მიუხედავად ამ წარმატებისა, საქართველოში ჯიშიანი ძაღლების გამოფენის საკითხი ყოველწლიურად საჭოჭმანოა.

გია გიორგაძე, კინოლოგიის ფედერაციის
პრეზიდენტი:
- რომ არა აგრარული უნივერსიტეტის სპორტული დარბაზი, ალბათ გამოფენა ჩაიშლებოდა. უნივერსიტეტი უსასყიდლოდ გვიდგას მხარში. ბიზნესმენებისგან სულ ერთი და იგივე გვესმის, ძაღლი რა სარეკლამო საშუალებაა, რომ მისი გამოფენის სპონსორობამ მოგება მომიტანოსო?! სამწუხაროდ, ძაღლების მეპატრონეებიც უცნაურად იქცევიან - გამოფენაზე თუ მათმა ძაღლმა პრიზი ვერ აიღო, მეორედ
თავს არ იწუხებენ. მიიჩნევენ, რომ დაჩაგრეს. რამდენიმე წლის წინ გამოფენაში მონაწილე ერთ-ერთი ძაღლის პატრონმა ტელეფონით გამომლანძღა, - ჩემს ძაღლს პრიზი რომ არ მიეცით, შვილიშვილი ტირის, ბავშვს მიკლავთო?!

ნოემბერში, თბილისში დაგეგმილ გამოფენაში მონაწილეობის მისაღებად უკვე დარეგისტრირებული 108 ძაღლისაგან მხოლოდ 18-ია საქართველოს მოქალაქეების, დანარჩენები უცხოეთიდან მოჰყავთ. გამოფენა 22-23 ნოემბერს გაიმართება, რეგისტრაცია კი მთავრდება 8 ნოემბერს. გამოფენა არ არის მხოლოდ ძაღლის შესაძლებლობების გამოსავლენად. ეს არის შოუ, სადაც  ძაღლი და პატრონი ტანდემში წარდგებიან და იქ გამოჩნდება, რა დროს უთმობთ თქვენს ოთხფეხა მეგობარს იმ სიყვარულის სანაცვლოდ, რასაც ის უანგაროდ გაძლევთ. ძაღლის პატრონობა არ ნიშნავს მხოლოდ მის კვებას, დაბანას, ფიზიკურ მოვლას, უნდა იზრუნოთ, რომ ის ჯიშის რჩეული, საუკეთესო წარმომადგენელი იყოს და სწორად გამრავლდეს.

სამწუხაროდ, შემოგვყავს საუკეთესო ეგზემპლარები და მერე როგორ ამრავლებენ, კაცმა არ იცის. უამრავი ჯიშიანი ძაღლი არის უსაბუთოდ, რადგან პატრონებმა თავის დროზე არ იზრუნეს საგვარეულო ნუსხის აღებაზე. ცხოველები, უფრო ძაღლები, ყველა აგრარულ ბაზარზე იყიდება, უმეტესად უსაბუთოდ, ან გაურკვეველი წარმოშობის საბუთით. ეს საკითხი კანონმა უნდა დაარეგულიროს. ვფიქრობ, კანონმა და დედაქალაქის ხელმძღვანელობამ უნდა მოაგვაროს ძაღლების გამოფენასთან დაკავშირებული პრობლემებიც.

მოგვწონს მსოფლიოს ის ქალაქები, სადაც ძაღლებს ძეგლები უდგათ, ძაღლის და, ზოგადად, ცხოველის მოვლა უმაღლეს დონემდე აქვთ აყვანილი... მაგრამ არაფერს ვაკეთებთ საიმისოდ, რომ თბილისს და საქართველოს სხვა ქალაქებსაც ჰქონდეთ თავისი ლეგენდები ძაღლებთან დაკავშირებით, ვაწყობდეთ ულამაზეს გამოფენებს, გვყავდეს ჩვენი მსოფლიო ჩემპიონები. ფედერაციამ მიიღო გადაწყვეტილება - ძაღლი, რომელიც გამოფენაზე არ მიიღებს მონაწილეობას და არ ექნება ჯიშისთვის დამახასიათებელი კარგი შეფასებები, გასამრავლებლად არ დაიშვას. ასევე გვინდა მივაღწიოთ იმას, რომ საქართველოდან საზღვარზე არ გაუშვან ლეკვები, რომელთაც საგვარეულო ნუსხა ან ლეკვის მოწმობა არ ექნებათ. უსაბუთოდ საუკეთესო ძაღლები გაჰყავთ უცხოეთში. სამწუხაროდ, ჩვენს სიმდიდრეს ვფანტავთ, იმის ნაცვლად, რომ ჩვენი ძაღლებისგან ლეგენდები შევქმნათ.

აჯანყებული ძაღლი


2008 წელი, საბერძნეთი. ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური კრიზისის გამო ქუჩებში გამართულ საპროტესტო აქციებს მუდმივად ესწრებოდა  ძაღლი. ის თითქმის ისე იქცეოდა, როგორც მომიტინგეები. პირველად ფოტო და ვიდეოკამერების ობიექტივმა ის 2008 წლის 12 დეკემბერს დააფიქსირა და ამის შემდეგ საპროტესტო აქციების ამსახველი მასალის განუყრელ ნაწილად იქცა. რეპორტიორები საგანგებოდ ტიტრებით ათარიღებდნენ ფოტო და ვიდეომასალას, რომ საზოგადოებას ზუსტად სცოდნოდა, როდის და რა ვითარებაში მონაწილეობდა მიტინგებში ერთი შეხედვით ჩვეულებრივი, რეალურად კი აჯანყებული ძაღლი.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით