"ამ ხვრელშიც ვიყავით და იმ ხვრელშიც" - კვირის პალიტრა

"ამ ხვრელშიც ვიყავით და იმ ხვრელშიც"

ოქტომბრის მიწურულს ამერიკის პატარა ქალაქ მილთაუნის მცხოვრები დეივიდ კენეტი ტყეში სეირნობდა. ანაზდად, უცნაური ხმა გაიგონა, ცოტა ხანში კი აღმოაჩინა, რომ ქვითინის მსგავსი ხმები დიდი ხის ფუღუროდან გამოდიოდა. დაინტერესებულმა ხეს შემოუარა და ფუღუროდან საწყლად გამოყოფილი დათვის ბელის თავი დაინახა... "მაშინვე პოლიციას და ბუნების დაცვის სპეციალისტებს დავურეკე. მალე მოვიდნენ და აღმოაჩინეს, რომ თურმე ვიწრო, მაღალ ფუღუროში ორი მოზრდილი ბელი იყო გაჩხერილი - ჩანს, ცნობისმოყვარე პატარები შიგ შეძვრნენ და ვეღარ გამოდიოდნენ. მაშველებიც კარგა ხანს ბჭობდნენ, რა ექნათ. ბოლოს, ფუღუროში ორი "სარკმლის" გამოხერხვა გადაწყდა. საბედნიეროდ, ბელები მიხვდნენ, რომ ადამიანები მათ ეხმარებოდნენ, გაფართოებული ხვრელებიდან თავადვე გამოვიდნენ და მაშინვე ტყეში დურთეს თავი", - ამბობს დეივიდი.