მექალთანის მორჯულება - კვირის პალიტრა

მექალთანის მორჯულება

4 ნოემბერს ოსკაროსანი სუპერვარსკვლავი მეთიუ მაკკონახი 45 წლის გახდა. მას შოტლანდიური, ირლანდიური, ინგლისური, შვედური და გერმანული ფესვები აქვს. მამამისი ბენზინგასამართი სადგურის მფლობელი იყო, დედა - საბავშვო ბაღის აღმზრდელი, შემდეგ მწერალი. მშობლები ორჯერ გაეყარნენ ერთმანეთს, მესამედ კი სამუდამოდ შეუღლდნენ.

მეთიუ 2005 წელს პრესტიჟულმა ჟურნალმა "ფიფლმა" მსოფლიოს ყველაზე სექსუალურ მამაკაცად აღიარა. ის ადვოკატობას ტეხასის უნივერსიტეტში სწავლობდა, როცა რეკლამებსა და კინოში გადაღებებმა "გადასძალა". ვარსკვლავს 40-ზე მეტ ფილმში აქვს მონაწილეობა მიღებული. ახალგაზრდობაში დიდი მექალთანის სახელი ჰქონდა - მისი შეყვარებულები იყვნენ სანდრა ბალოკი, ეშლი ჯადი, პატრიცია არკეტი და კიდევ რამდენიმე ათეული სხვა მსახიობი ქალი!

მისი დონჟუანობა ბრაზილიელ სუპერმოდელ კამილა ალვესთან შეხვედრისთანავე დასრულდა. მათ სამი შვილი ჰყავთ. მეთიუ ახლა ჰოლივუდის თითით საჩვენებელი მამაა. იუბილეზე კამილამ და ბავშვებმა სიურპრიზი მოუწყვეს: საკუთარი ხელით გამოუცხვეს 45 სანთლით მორთული ტორტი. თუმცა უფრო მოულოდნელი სიურპრიზი იუბილარი მსახიობისთვის ლოს-ანჯელესის დიდების ხეივანში 17 ნოემბერს მისი ვარსკვლავის გახსნა გახდა. ხეივნის 2534-ე ვარსკვლავის გახსნას უამრავი სტუმარი დაესწრო, მათ შორის იყვნენ მეთიუს ბოლო, განსაკუთრებით წარმატებული ფილმის, "ინტერსტელარის" რეჟისორი კრისტოფერ ნოლანი და მსახიობთა შერჩევის ასისტენტი დონ ფილიპსი - სწორედ მან შეარჩია 1993 წელს მაკკონახი ფილმისთვის "კაიფსა და უხერხულობაში", რის შემდეგაც დამწყები მსახიობი უცებ ვარსკვლავად იქცა.

2014 წელს მეთიუმ პირველი "ოსკარი" მიიღო მამაკაცის როლისთვის ფილმში "მყიდველთა დალასის კლუბი", მისი უთვალავი გულშემატკივარი დარწმუნებულია, რომ მათი კერპი კიდევ ბევრ ჯილდოს მიიღებს.