ის, ვინც სამყაროს ალამაზებს - კვირის პალიტრა

ის, ვინც სამყაროს ალამაზებს

თეთრ სახლში გამართულ საზეიმო ცერემონიაზე 16 ლაურეატს ამერიკის შეერთებული შტატების უმაღლესი სამოქალაქო ჯილდო - თავისუფლების საპრეზიდენტო მედალი გადაეცა. დაჯილდოვდნენ: მსახიობი მერილ სტრიპი, მომღერალი და კომპოზიტორი სტივ უანდერი, მწერალი ისაბელ ალიენდე, ასევე ცნობილი საზოგადო მოღვაწეები, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის წარმომადგენლები. მათ შორის რამდენიმე სიკვდილის შემდეგ... "ეს ცერემონია ჩემი ყველაზე საყვარელი მოვლენაა, რადგან ჯილდო ენიჭება მათ, ვინც ამერიკას უფრო ძლიერს, უფრო ბრძენს, უფრო ადამიანურსა და ლამაზს ხდის", - აღნიშნა ბარაკ ობამამ.

საპატიო ჯილდო მერილ სტრიპს პრეზიდენტმა  პირადად გადასცა - "მისი ტალანტი იმდენად დიდია, რომ ვერავის შევადარებთ", - თქვა მან. ხოლო როცა ობამამ ჰოლივუდის ალბათ ყველაზე საყვარელ ვარსკვლავს ყელზე მედალი თავისი ხელით დაჰკიდა, ემოციის შეკავება ვეღარ შეძლო: "ვაცხადებ საჯაროდ - მე მიყვარს მერილ სტრიპი! - მთელი მსოფლიოს გასაგონად თქვა სახელმწიფოს მეთაურმა და დაამატა, - ეს სტრიპის ქმარმა და ჩემმა მეუღლე მიშელმაც იციან".