ერთადერთი "მობი დიკი" - კვირის პალიტრა

ერთადერთი "მობი დიკი"

მეცნიერთა მტკიცებით, მსოფლიოში დღესდღეობით მხოლოდ ერთი რეალური "მობი დიკის", ანუ თეთრი ვეშაპის არსებობა დასტურდება, რომელიც ავსტრალიის აღმოსავლეთ სანაპიროზე პირველად 1991 წელს დააფიქსირეს. ე.წ. კუზიანი ვეშაპების თეთრი წარმომადგენელი, რომელსაც ავსტრალიელებმა "მიგალო" დაარქვეს (აბორიგენთა ენაზე "თეთრი ბიჭი"), ჩრდილოეთ კვინსლენდის თბილ წყლებსა და ანტარქტიდას შორის დაცურავს. მსოფლიოში არსებობს კიდევ 3 თეთრი ვეშაპი, მაგრამ მხოლოდ მიგალოა აბსოლუტურად ქათქათა. "მობი დიკის" ყოველ გამოჩენას მოუთმენლად ელიან ავსტრალიელებიც და მთელი მსოფლიოდან ჩამოსული ტურისტებიც. წელიწადში ის ორჯერ ჩნდება. ადგილობრივი პროფესიონალი ფოტოგრაფი რეი ალი 10 წელზე მეტია უშედეგოდ ცდილობდა მის გადაღებას. წელს გაუმართლა და ნელსონ-ბეის სანაპიროზე "მობი დიკის" უნიკალური ფოტოები გადაიღო. "ეს ჩემი კარიერის საუკეთესო ფოტოებია. ბედნიერი ვარ... მით უმეტეს, წელს მიგალოს გამოჩენა საიუბილეო - 50-ე  გახლდათ", - აღნიშნა რეი ალიმ.