ყველაზე, ყველაზე...
29-12-2014
ყველაზე, ყველაზე...
2014 წლის ყველაზე მდიდარი ადამიანები მსოფლიოში

ამერიკულ ჟურნალ "ფორბსის" მონაცემებით, მსოფლიოს 2014 წლის ყველაზე მდიდარი ადამიანების რეიტინგში მოხვდა 1 645 კაცი, ვისი ქონებაც 1 მლრდ ან მეტია. მათი საერთო ქონება შარშანდელთან შედარებით 1 ტრლნ დოლარით გაიზარდა და 6,4 ტრლნ-ს შეადგენს. სიაში 268 ახალგამომცხვარი მილიარდერია, მათ შორის 42 ქალი. სულ კი რეიტინგში 172 ქალია.

მილიარდერთა პირველი ათეული:


1. ბილ გეიტსი - 76 მლრდ, აშშ, წყარო "მაიკროსოფტი", ინვესტიციები;
2. კარლოს სლიმი და
ოჯახი - 72 მლრდ, მექსიკა, წყარო ტელეკომუნიკაციები;
3. ამანსიო ორტეგა - 64 მლრდ, ესპანეთი, წყარო "ინდიტეკსი", "ზარა";
4. უორენ ბაფეტი - 58,2 მლრდ, აშშ, წყარო "ბერკშაია ჰეთვეი";
5. ლარი ელისონი - 48 მლრდ, აშშ, წყარო "ორაკლი";
6. ჩარლზ კოხი - 40 მლრდ, აშშ, წყარო "კოხ
ინდასტრიზ";
7. დევიდ კოხი - 40 მლრდ, აშშ, წყარო "კოხ ინდასტრიზ";
8. შელდონ ადელსონი - 38 მლრდ, აშშ, წყარო სათამაშო ბიზნესი;
9. კრისტი უოლტონი და ოჯახი - 36,7 მლრდ, აშშ, წყარო "უოლმარტი";
10. ჯიმ უოლტონი - 34,7 მლრდ, აშშ, წყარო "უოლმარტი".

ყველაზე წარმატებული 2014 წელი "ფეისბუკის" დამფუძნებლისა და გენდირექტორის, მარკ ცუკერბერგისთვის გახდა - მისი აქციების სწრაფმა გაძვირებამ საშუალება მისცა კაპიტალი 13,3-დან 28,5 მლრდ-მდე გაეზარდა.

ყველაზე წარუმატებელი მილიარდერი კი გახდა ბრაზილიელი მაგნატი ეიკე ბატისტა, რომლის ქონება შარშანდელი 10,6 მლრდ-დან 300 მლნ-მდე შემცირდა.
ყველაზე მეტი მილიარდერი კვლავ აშშ-ში ცხოვრობს - 492 კაცი, აქედან 152 - ჩინეთის მოქალაქეა. პირველი მილიარდერები კი გაჩნდნენ ქვეყნებში: ალჟირი, ლიტვა, ტანზანია და უგანდა.   


2014 წლის ყველაზე გავლენიანი ადამიანები მსოფლიოში


2014 წელს მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი (უფრო ზუსტად - ძალმოსილი) ადამიანების რეიტინგში (The World’s Most Powerful People 2014)  წელს  72 კაცი მოხვდა. მათ შორის არიან პოლიტიკოსები, საზოგადო მოღვაწეები, ბიზნესმენები, გამოჩენილი ადამიანები - ისინი, ვისაც რეიტინგის შემდგენთა აზრით, პირადად შეუძლიათ  მოახდინონ გავლენა კაცობრიობის ისტორიაზე. მათ შორის არიან სახელმწიფოთა მეთაურები, კომპანიების მფლობელები თუ ტოპმენეჯერები, რელიგიური ლიდერები და ასევე ბოროტმოქმედთა სამყაროს წარმომადგენლები.


რეიტინგის პირველ ადგილზე, ისევე როგორც წინა (2009 და 2011-13) წლებში,  ვლადიმირ პუტინია. თავის არჩევანის კომენტირებისას "ფორბსი" პუტინს "რუს თვითმპყრობელს" უწოდებს და განმარტავს: "თავისი ძალმოსილებისა და გავლენის დემონსტრირებას აშკარად ახდენდა როგორც სამშობლოში, ასევე მსოფლიოში". ობამა შარშანდლის მსგავსად მეორე ადგილზეა, მესამეზეა - ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი. პირველი ათეული კი ასე გამოყურება:

1. ვლადიმირ პუტინი (რუსეთის პრეზიდენტი)  
2. ბარაკ ობამა (აშშ-ის პრეზიდენტი)
3. სი ძინპინი (ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარე)
4. ფრანცისკი (რომის პაპი)
5. ანგელა მერკელი (გერმანიის კანცლერი)
6. ჯანეტ იელენი (აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის ხელმძღვანელი)
7. ბილ გეიტსი (მსოფლიოს 2014 წლის უმდიდრესი ადამიანი)
8. მარიო დრაგი (ევროპის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი)
9. სერგეი ბრინი და ლარი პეიჯი ("გუგლის" დამფუძნებლები)
10. დევიდ კემერონი (ინგლისის პრემიერ-მინისტრი)


ჟურნალ "ტაიმის" "წლის ადამიანი"


ჟურნალი "ტაიმი" ტრადიციულად ყოველი წლის ბოლო ნომერში "წლის ადამიანს" ასახელებს. ნომინაცია 1927 წლიდან არსებობს, როდესაც ეს წოდება მფრინავმა ჩარლზ ლინდბერგმა მიიღო - მან ატლანტის ოკეანეს მარტომ პირველად გადაუფრინა. "წლის ადამიანის" ტიტული ორჯერ მიენიჭა 15 კაცს, ფრანკლინ რუზველტი კი ერთადერთია, ვინც "წლის ადამიანი" 3-ჯერ გახდა.

2004 - ჯორჯ ბუში-უმცროსი (აირჩიეს მეორედ)
2005 - "კეთილი სამარიტელები": ბონო და ბილ და მელინდა გეიტსები
2006 - ინტერნეტის აბსტრაქტული მომხმარებელი
2007 - ვლადიმირ პუტინი
2008 - ბარაკ ობამა
2009 - ბენ ბერნანკე - აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის ხელმძღვანელი
2010 - მარკ ცუკერბერგი
2011- საპროტესტო აქციების ანონიმური მონაწილე
2012 - ბარაკ ობამა
2013 - ფრანცისკი, რომის პაპი
2014 - ჯანდაცვის მუშაკის ზოგადი სახე, რომელიც ებოლას გავრცელებას ებრძვის

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით