"ხრინწიანი ჯო" - კვირის პალიტრა

"ხრინწიანი ჯო"

22 დეკემბერს, კოლორადოს შტატში, საკუთარ სახლში, 71 წლის ასაკში გარდაიცვალა როკისა და ბლუზის ლეგენდა, მუსიკოსი და კომპოზიტორი ჯო კოკერი. ის უამრავ ჯილდოს ფლობდა, 2008 წელს კი ჟურნალმა "როლინგ სტოუნმა" ყველა დროის საუკეთესო მომღერლების ასეულში შეიყვანა.

შეფილდში დაბადებულმა ჯონ რობერტ კოკერმა სკოლა მიატოვა და თავი მუსიკას მიუძღვნა. ჯერ სოლო მომღერლობით დაიწყო - სცენაზე "ვანს არნოლდის" ფსევდონიმით გამოვიდა. მისი საყვარელი რეპერტუარი რეი ჩარლზის სიმღერებისგან შედგებოდა, რის გამოც "პატარა რეი ჩარლზს" უწოდებდნენ. 1960-იან წლებში ის ბრიტანეთში მართავდა გასტროლებს რამდენიმე ჯგუფთან ერთად, რომლებიც "რიტმ ენ ბლუზის" სტილით მღეროდნენ. მის სავიზიტო ბარათად იქცა ხრინწიანი ბარიტონის ტიპის ვოკალი. საყოველთაოდ ცნობილი გახდა 1968 წელს, როცა მის მიერ შესრულებული "ბითლზის" ერთ-ერთი სიმღერა  ბრიტანეთის ჰიტპარადის მწვერვალზე აღმოჩნდა. 1970-80-იან წლებში კოკერი უკვე რამდენიმე ჰიტის ავტორი იყო. 1975 წელს კი პირველად მოექცა სათავეში ამერიკულ ჰიტპარადსაც კომპოზიციით Yოუ Aრე შო Bეაუტიფულ, მერე კი ფილმის - "ოფიცერი და ჯენტლმენი" საუნდტრეკისთვის "გრემი" მიიღო... მუსიკოსი 1987 წელს დაქორწინდა. მეუღლე პემი მუდმივად მხარში ედგა. 90-იან წლებში კოკერმა ბიზნესსაც მიჰყო ხელი კოლორადოს შტატში, სადაც მისი ოჯახი ცხოვრობდა, მის მფლობელობაში კაფეები, კონფერენც-დარბაზები, სუპერმარკეტები და მაღაზიები იყო. ბოლო წლებში ძალიან ბევრს მოგზაურობდა. 2000-იან წლებში არაერთხელ გამოსულა სამეფო მიღებებზე დედოფალ ელისაბედ მეორის პატივსაცემად, სადაც საკუთარ ჰიტებთან ერთად "ბითლზის" სიმღერებსაც ასრულებდა. კოკერი 2007 წელს თბილისშიც გვესტუმრა და თავისი დაუვიწყარი ხმით შეასრულა ქართული სიმღერა, გოგი დოლიძის რეპერტუარიდან "ქართველების ერთად ყოფნა დამილოცე, ღმერთო". ბოლო ხანს მომღერალი ფილტვის კიბოს ებრძოდა. უკანასკნელი დიდი კონცერტი ივნისში ლონდონში ჩაატარა...