სამეფო ტყუპი - საახალწლოდ! - კვირის პალიტრა

სამეფო ტყუპი - საახალწლოდ!

10 დეკემბერს მონაკოს მთავარს, ალბერს  და მის მეუღლეს - 36 წლის პრინცესა შარლენს ტყუპი შეეძინათ. XIII საუკუნის შემდეგ გრიმალდის დინასტიაში ეს პირველი ტყუპია! მშობიარობა საკეისრო კვეთით მოხდა. სასიხარულო ამბავი მსოფლიოს ჟურნალისტებმა ამცნეს, რომლებიც პრინცესა გრეისის სახელობის სამშობიაროსთან დღედაღამ მორიგეობდნენ. სულ მალე სამეფო სახლმა ტყუპის დაბადება ოფიციალურად დაადასტურა. პირველად გოგონა მოევლინა ქვეყანას, რომელსაც გაბრიელა-ტერეზა-მარია უწოდეს, ორი წუთის შემდეგ კი ბიჭი - ჟაკ-ონორე-რენიე. პატარა ჟაკისა და გაბრიელას პატივსაცემად მონაკოს სამეფო ზარბაზნები 42-ჯერ გაისროლეს, სამთავროში ზეიმი დაიწყო...

სხვათა შორის, მონაკოს 56 წლის მონარქს 2 შვილი უკვე ჰყავს, თუმცა, ქორწინების გარეშე... 1992 წელს კალიფორნიელმა თამარ როტოლომ მისგან გოგონა გააჩინა და სასამართლოს მიმართა. 2006 წელს, დნმ-ის ანალიზის შემდეგ, ალბერმა გოგონა შვილად აღიარა და შესთავაზა მას, ესწავლა და ეცხოვრა მონაკოში. მთავარს ვაჟი შავკანიან სტიურდესა ნიკოლ კოსტთან შეეძინა. მიუხედავად იმისა, რომ მონარქმა ორივე შვილი ოფიციალურად აღიარა, მათ არ აქვთ უფლება, ტახტის მემკვიდრეობაზე ჰქონდეთ პრეტენზია. ამიერიდან კი სამთავროს ჰყავს ტახტის ოფიციალური მემკვიდრე - პატარა ჟაკი, რომელმაც დაბადებისთანავე მიიღო მარკიზ დე ბოს ტიტული. გაბრიელა კი მონაკოს პრინცესა და გრაფინია კარლადეზი გახდა. საახალწლოდ ბედნიერმა სამეფო წყვილმა ოფიციალური ფოტოები შვილებთან ერთად ნაძვის ხესთან გადაიღო.