2014 წლის ფოტოები (საქართველო) - კვირის პალიტრა

2014 წლის ფოტოები (საქართველო)

გთავაზობთ "პალიტრამედიის" სხვადასხვა ბეჭდურ თუ ონლაინგამოცემებში 2014 წელს გამოქვეყნებულ ფოტოებს, რომელთაც თამამად შეუძლიათ განაცხადონ პრეტენზია წლის ფოტოს სტატუსზე.

2014 წლის ბოლოს ირაკლი ალასანიას გუნდი კოალიცია "ქართულ ოცნებას" გაემიჯნა. მათ შორის იყვნენ საგარეო უწყების ხელმძღვანელი მაია ფანჯიკიძე და მისი მოადგილე დავით ზალკალიანი. გამოსამშვიდობებელი ბრიფინგის შემდეგ, მათ ხელი ხელს გადახვიეს და ასე დატოვეს საგარეო უწყების შენობა

აფხაზეთის ომში ბელა ზალდასტანიშვილმა ერთ დღეს დაკარგა ძმები - თემურ და ზურაბ ზალდასტანიშვილები და შვილები - ვასიკო და ნუკრი წიკლაურები. ისინი აფხაზეთიდან 2014 წლის დეკემბერში ჩამოასვენეს. ბელა ზალდასტანიშვილს დარდს მხოლოდ ის უმსუბუქებს, რომ იცის, სად არის მისთვის უძვირფასესი ადამიანების საფლავი და დაკრძალვისას სიმბოლურად ერთი მუჭა მიწის მიყრაც შეძლო

ეს ფოტო ბათუმში მომხდარი ტრაგედიიდან რამდენიმე წუთშია გადაღებული - ძნელია, ადამიანი ანუგეშო, როცა ერთ წამში ოჯახის ორი წევრი ეცლება ხელიდან.  ხიმშიაშვილის ქუჩაზე აივნის ჩამონგრევას ორი ადამიანი ემსხვერპლა

გასული წლის თებერვალში მცხეთაში წმინდა გაბრიელ სალოსის საფლავი გაიხსნა. სამთავროს დედათა მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე უამრავი ხალხი შეიკრიბა. ყველას სურდა, წმინდანის საფლავისთვის პატივი მიეგო. წესრიგს ჯარისკაცები იცავდნენ. სწორედ მათ გამოიჩინეს ინიციატივა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები ხელში ატატებული მამა გაბრიელის საფლავთან მიიყვანეს

2014 წლის 17 მაისს დარიალის ხეობაში მეწყერი ჩამოწვა, რასაც ღვარცოფი მოჰყვა. სტიქიამ ადამიანები იმსხვერპლა. მაშველებმა მხოლოდ რამდენიმედღიანი სამუშაოების შემდეგ იპოვეს მიწაში ჩამარხული მანქანები. იქ მყოფებს გადარჩენის შანსი აღარ ჰქონდათ

2014 წლის თბილისობა. ერთ-ერთი ღონისძიებისას ფრინველის ქანდაკებას

ცოცხალი "კოლეგა" მიუჯდა და გაეთამაშა - ვინ იცის, იქნებ სანადიროდაც ეპატიჟებოდა ან სასიყვარულო რომანს აბამდა, თუმცა, "კოლეგისგან" პასუხი ვერ მიიღო, ჰოდა,

იჯდა, და გულდაწყვეტილი აბრიალებდა თვალებს