სადღესასწაულო სუფრისთვის უძვირესი პროდუქტების ათეული - კვირის პალიტრა

სადღესასწაულო სუფრისთვის უძვირესი პროდუქტების ათეული

ბაზარში თუ სუპერმარკეტში ამ პროდუქტებს ვერ შეიძენთ, საქმე ის არის, რომ ზოგიერთი საკვების შოვნა არა მარტო რთული, პრაქტიკულად, შეუძლებელიცაა.

თეთრი ტრიუფელი

ტრიუფელი  ჩრდილოეთ იტალიის ქალაქ ალბას გარშემო მუხისა და წიფლის კორომებში იზრდება. 2009 წელს აქ იპოვეს რამდენიმე საუკუნის განმავლობაში უდიდესი - 1,51-კილოგრამიანი ტრიუფელი, რომელიც 125.000 ევროდ გაიყიდა!

მაცუტაკე

400 გ სოკოს საორიენტაციო ფასი 1.000 დოლარია. ეს სოკო, რომელიც ხეების ძირას იზრდება, აზიის, ჩრდილოეთ ამერიკისა და ევროპის ტყეებში იშვიათია და მეტად ფასობს.

იუბარი - სამეფო ნესვი

ეს ნესვი მხოლოდ იაპონიის კუნძულ ჰოკაიდოს პატარა ქალაქ იუბარის სათბურებში მოჰყავთ. მას ისეთი სრულყოფილი ფორმა აქვს, ნესვზე გლობუსის დახატვა შეიძლება. რამდენიმე წლის წინ ორი ცალი იუბარი აუქციონზე 12.000 დოლარად გაიყიდა.

შავი საზამთრო დენსუკე

1 ცალის საორიენტაციო ფასი 250 დოლარია. ის კუნძულ ჰოკაიდოზე მოჰყავთ. ყოველწლიური საშუალო მოსავალი მხოლოდ 10 000 ცალია, რაც მისი სიძვირის მიზეზია.

"ალმასი" - მსოფლიოში ყველაზე ძვირი ხიზილალა.

"ალმასი" ალბინოსი სვიის ხიზილალა გახლავთ, რომელიც ირანს დროდადრო საექსპორტოდ გააქვს. 100 გ ხიზილალა, რომელიც ბაჯაღლო ოქროს კოლოფშია მოთავსებული, მყიდველს დაახლოებით 2.000 დოლარი დაუჯდება.

ძროხის ხორცი კობე

400 გ ხორცის საორიენტაციო ფასი 400 დოლარია. ხორცს” დიდი ხნის მანძილზე მხოლოდ იაპონური ძროხების - ვაგიუსგან იღებდნენ, მათ ქალაქ კობეს მახლობლად ზრდიდნენ. ძროხებს პატივისცემით ეპყრობოდნენ და მხოლოდ საუკეთესო ბალახით კვებავდნენ. ამას გარდა საკეთი ყოველდღიურად ზელდნენ და ლუდს ასმევდნენ. ამჟამად ვაგიუს ავსტრალიაშიც ზრდიან. ავსტრალიელი ფერმერები მათ ლუდის ნაცვლად წითელ ღვინოს ასმევენ, რომლის 1 ბოთლი 16 დოლარი ღირს, და ყოველდღიურად მასაჟსაც უკეთებენ.

მსოფლიოში ყველაზე ძვირი ყავა "ლიუვაკი"

"ლიუვაკი" ვივერისებრთა წარმომადგენელ ცივეტას ნაირსახეობაა, რომელსაც ყავის ხის მწიფე ნაყოფით პირის ჩატკბარუნება უყვარს, თანაც საუკეთესოს არჩევს და გაცილებით მეტს ჭამს, ვიდრე მონელება შეუძლია. მოუნელებელი მარცვლები, რომლებსაც მერე აგროვებენ, ცხოველის ნაწლავების გავლისას ფერმენტების ზემოქმედებით განუმეორებელ გემოსა და არომატს იძენს. 1 კილოგრამი ყავის მინიმალური ფასი 500 დოლარია.

მსოფლიოს ყველაზე ძვირი დესერტი "ოქროს ბარაქა"

ნიუ-იორკის რესტორან შერენდიპიტყ 3-ში  შეგიძლიათ გასინჯოთ სასუსნავი, რომლის ფასი 25.000 დოლარია. თანხის საფასურად ოქროს ჭურჭლით მიიღებთ ნაყინს, რომელშიც კაკაოს 25 ჯიშია გამოყენებული და მორთულია ათქვეფილი ნაღებით, ხოლო ოქროს ჭურჭელი, ჭიქა და კოვზი თქვენი საკუთრება ხდება და შეგიძლიათ შინ წაიღოთ.

მსოფლიოში ყველაზე ძვირი სანელებელი - ზაფრანა

ნამდვილი ზაფრანა მცენარის წვრილი მარცვლებია. 500 გ-ის საორიენტაციო ფასი 1.500 დოლარია. ასეთი ფასი იმით აიხსნება, რომ მისი მოყვანა და შეგროვების ტექნოლოგია მეტად შრომატევადია. 500 გ პროდუქტის მისაღებად დაახლოებით 75 000 გამხმარი ყვავილის გადარჩევაა საჭირო.

ბატის ღვიძლი ფუა-გრა

500 გ-ის საორიენტაციო ფასი 50 დოლარია. ფუა-გრა ისეთი ბატის ღვიძლია, რომელთაც სპეციალურად იქამდე კვებავენ, სანამ ღვიძლის წონა სულ ცოტა 400 გ არ გახდება. ამიტომ ის 15-ზე მეტ ქვეყანაშია აკრძალული ცხოველებთან სასტიკი მოპყრობის კანონის გამო.