ბოლომდე "მოთამაშე" - კვირის პალიტრა

ბოლომდე "მოთამაშე"

ლონდონში 30 დეკემბერს 104 წლის ასაკში გარდაიცვალა ორგზის "ოსკაროსანი" მსახიობი, ამერიკული კინემატოგრაფის 1930-40-იანი წლების ვარსკვლავი ლუიზა რაინერი. ასაკოვანი ქალბატონის გარდაცვალების მიზეზი ფილტვების ანთება გახდა. "ის მეტი იყო, ვიდრე თვით ცხოვრება, დედა საოცრად მომხიბლავი ქალი იყო", - ამბობს მისი ერთადერთი ქალიშვილი, ფრანჩესკა კნიტელ-ბოიერი.

ავსტრიელი მსახიობი ამერიკის მოქალაქე გასული საუკუნის 40-იან წლებში გახდა. თუმცა, რაინერმა კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდოები მანამდე მიიღო: პირველი "ოსკარი" 1936 წელს როლისთვის ფილმში "დიადი ზიგფელდი", მეორე - 1937 წელს ფილმ "კეთილ მიწაში" მონაწილეობისთვის. ბოლო როლი მან 87 წლის ასაკში შეასრულა - დოსტოევსკის "მოთამაშის" უნგრეთში გადაღებულ ვერსიაში.