კეთილი იყოს თქვენი მობრძანება იოკნაპატოფაში
09-02-2015
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება იოკნაპატოფაში
უილიამ ფოლკნერი ამერიკის სამხრეთის ტრადიციული ოჯახის შთამომავალი იყო და ბოლომდე შეინარჩუნა სამხრეთელობა, რომანის მოქმედება კი ხდება სწორედ იქ, სადაც მან მთელი ცხოვრება გაატარა

დიდხანს, ძალიან დიდხანს (ყოველ შემთხვევაში, ნობელის პრემიის მიღებამდე მაინც) ფოლკნერზე ამბობდნენ, კრიტიკოსებისა და ლიტერატურის მკვლევართა საყვარელი მწერალია და არა - მკითხველისაო. მთლად ასეც არ ყოფილა საქმე (ევროპაში მისი პოპულარობა უკვე "დაძველებული" ამბავი იყო), მაგრამ 1949 წელს ნობელის კომიტეტის გადაწყვეტილებამ, როგორც იქნა, სამშობლოშიც გაუთქვა სახელი.

ბევრი ახსნა, უფრო
ზუსტად კი, გამართლება შეიძლება მოეძებნოს ამერიკელთა ასეთ დამოკიდებულებას და შემდგომ მეტამორფოზას, მაგრამ სჯობს სიმართლე ითქვას: ალბათ, ევროპელი საზოგადოება მეტად მზად იყო მრავალშრიანი და ღრმააზროვანი ლიტერატურისთვის; ან იქნებ "მეტი დრო ჰქონდათ" ევროპელებს? და ეს ბრჭყალებიც იქნებ არც იყოს საჭირო: მსუბუქ საკითხავს მიჩვეული და ამერიკული ტემპით მორბენალი
მკითხველისთვის, ალბათ, "ფალფ ფიქშენი" უფრო მოსახერხებელი იყო, ვიდრე "ხმაური და მძვინვარება", "აგვისტოს ნათელი", ან "აბესალომ, აბესალომ!"

ნობელიანტობის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა - ესეც "ამერიკულია" - სიამაყე თავიანთი მართლაც საამაყო თანამემამულით და მისი თაყვანისცემა. არადა, ამ ამბებამდე ფოლკნერი, რომელსაც ჯიუტად არ სურდა ევროპაში საცხოვრებლად გადასვლა (და არც წავიდა), იძულებული იყო, ჰოლივუდისთვის სცენარები ეწერა და ასე ერჩინა ოჯახი.

ფოლკნერის ტექსტების სირთულე ხანდახან ანეკდოტურ სიტუაციებამდე მიდიოდა - ასეთი ამბავიც არის ცნობილი: როდესაც რომანის, "ჯარისკაცის ჯილდოს" ხელნაწერი მწერალ შერვუდ ანდერსონს გადასცა გასაცნობად (ეს სწორედ ის შერვუდ ანდერსონია, რომლის დაჟინებული მოთხოვნითაც გადაერთო ფოლკნერი პოეზიიდან პროზაზე, ანუ ფაქტობრივად მისი პირველი "ფანი" და მენეჯერიც იყო), ანდერსონს თავისი მეუღლისთვის რამდენიმე დღის შემდეგ ასეთი რამ დაუბარებია ფოლკნერისთვის გადასაცემად: "შერვუდი გარიგებას გთავაზობს: ოღონდ ამას ნუ წამაკითხებს და ლივერაიტს ვთხოვ, რომანი გამოაქვეყნოსო" (ლივერაიტი ანდერსონის გამომცემელი იყო). ფოლკნერმა უპასუხა: "მაწყობს!" და ლივერაიტმა რომანი დაბეჭდა.

ცხადია, ეს ანეკდოტად გავრცელებული ამბავი მთლად მართალი არ იქნება და ანდერსონი აუცილებლად წაიკითხავდა ხელნაწერს, მაგრამ უმცროსი მეგობრისა და თანამოკალმის წერის მანერის უცნაურობაზე ხაზგასასმელად თავადვე გაავრცელა ეს სახალისო ტყუილ-მართალი.
დაბოლოს, კიდევ ერთი: სწორედ თქვენ წინ მდებარე რომანში, როგორც 1983 წლის "გინესის რეკორდების წიგნი" ამტკიცებს, არის მსოფლიო ლიტერატურაში დაფიქსირებული ყველაზე გრძელი წინადადება - ის მე-6 თავშია და ორიგინალში 1288 სიტყვას შეიცავს!

ახლა კი, თუკი ძალიან არ შეგეშინდათ გრძელი, უწერტილმძიმო წინადადებებისა და თვით ავტორის ყველაზე თავგადაკლული თაყვანისმცემლის სარკასტული შეფასების გამოც, და მაინც გადაწყვიტეთ ფოლკნერის ამ შედევრის წაკითხვა, მის "დადებით მხარეებზეც" ვთქვათ... ხუმრობა ხუმრობად და, იმის მიუხედავად, რომ ნობელის კომიტეტის მიერ ფოლკნერისათვის პრემიის მინიჭების არგუმენტაციაში ეწერა: "თანამედროვე ამერიკული რომანის განვითარებაში მწერლის მნიშვნელოვანი, მხატვრული თვალსაზრისით უნიკალური წვლილის გამო", ყველა აღნიშნავდა, რომ ეს აღიარება ორმა კონკრეტულმა წიგნმა განაპირობა - რომანებმა: "ხმაური და მძვინვარება" და "აბესალომ, აბესალომ!".

დაჯილდოებისას სამადლობელ სიტყვაში ფოლკნერმა თქვა ის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია დღესაც და რაც ათწლეულების შემდეგაც ადასტურებს, რომ ადამიანური ფასეულობები უცვლელია, და იმასაც გასაგებს ხდის, თუ რატომ არის აქტუალური სამი თაობის ან თუნდაც სამი საუკუნის წინ დაწერილი წიგნები ნებისმიერ დროს, თუკი ეს წიგნები ფოლკნერის რანგის მწერლების შექმნილია: "ბირთვული განადგურების საფრთხის წინაშე მდგარმა ახალგაზრდა მამაკაცებმა ან ახალგაზრდა ქალებმა, დღევანდელმა მწერლებმა, დაივიწყეს ადამიანური პრობლემები, ტანჯული სულები... და მე მაინც მწამს, რომ ადამიანი არა მხოლოდ გადარჩება, არამედ გაიმარჯვებს კიდეც, ადამიანი უკვდავია... რადგან მას აქვს სული, რადგან მას შეუძლია თანაგრძნობა, თავგანწირვა და ტანჯვის ატანა".
სწორედ ასეთი ადამიანები - "სულიერები" არიან ფოლკნერის გმირები, მათ შორის რომანისა "აბესალომ, აბესალომ!" პერსონაჟები (რა თქმა უნდა, ეს "სულიერება" სულაც არ გულისხმობს კეთილშობილებას, პირიქით, ბევრი მათგანი არცთუ "წმინდა სულისა" ბრძანდებოდა) და რაც ნიშანდობლივია, ფოლკნერი კარგად იცნობს მათ, უნახავს ისინი, უცხოვრია მათ შორის, სიძნელეები და სიხარული განუცდია მათთან ერთად.

უილიამ ფოლკნერი ამერიკის სამხრეთის ტრადიციული ოჯახის შთამომავალი იყო და ბოლომდე შეინარჩუნა სამხრეთელობა, რომანის მოქმედება კი ხდება სწორედ იქ, სადაც მან მთელი ცხოვრება გაატარა.
მას უყვარდა ამერიკული სამხრეთი,  უყვარდა პაპამისი, რომელიც სამოქალაქო ომში ჩრდილოელებს ებრძოდა და მონობის გაუქმებას ღვთის წინაშე ჩადენილ უდიდეს ცოდვად უთვლიდა ამერიკის ხელისუფლებას; უყვარდა თავისი პირველი შეყვარებული - ესტელ ოლდჰემი და თვით ეს სიყვარულიც უყვარდა, რომელმაც შეაძლებინა, რომ წლების შემდეგ დაებრუნებინა პირველი სიყვარული და ქმარს გაშორებულ ესტელთან ერთად ბედნიერი ოჯახი შეექმნა...
მისი ზოგი ბიოგრაფი წერს, ბევრი რამის რცხვენოდა სამხრეთის ისტორიაშიო. ალბათ, ასეც იყო და მერე რა?! მან თუნდაც ამ რომანით გამოისყიდა წინაპრების დანაშაული - "აბესალომ, აბესალომ!" ხომ რასიზმისათვის გაწნული სილაც არის?!

მაშ, ასე: კეთილი იყოს თქვენი მობრძანება იოკნაპატოფაში - ფოლკნერის მიერ გამოგონილ სამხრეთულ ოლქში, სადაც მისი თითქმის ყველა ნაწარმოების მოქმედება მიმდინარეობს.
ერთი რომანისთვის თანდართულ ბოლოსიტყვაობაში ფოლკნერს ჩაუწერია: "იოკნაპატოფა. ფართობი დაახლოებით 2400 მილი. მოსახლეობა - 15611 კაცი (თეთრები - 6298, ზანგები - 9813). ერთადერთი პატრონი და მბრძანებელი - უილიამ ფოლკნერი".
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით