"ოსკარი", რომელიც სიცოცხლეზე მეტია
02-03-2015
"ოსკარი", რომელიც სიცოცხლეზე მეტია
22 თებერვლის ღამეს ლოს-ანჯელესში გაიმართა ამერიკის კინოაკადემიის პრემია "ოსკა­რით" დაჯილდოების 87-ე ცერემონია. ძირითადი ნომინაციების მიხედვით გამარჯვებულები გახდნენ: საუკეთესო ფილმი - "ბერდმენი" (პროდიუსერი ალეხანდრო გონსალეს ინიარიტუ); საუკეთესო რეჟისორი - ალეხანდრო გონსალეს ინიარიტუ; მამაკაცის საუკეთესო როლი  - ედი რედმენი (ფილმი "ყველაფრის თეორია"); ქალის საუკეთესო როლი - ჯულიანა მური (ფილმი "კვლავ ელისი"); მამაკაცის საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლი - ჯეი კეი სიმონსი (ფილმი "შეპყრობილი"); ქალის საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლი
- პატრისია არკეტი (ფილმი "ბავშვობა");  საუკეთესო სცენარი - ალეხანდრო გონსალეს ინიარიტუ.

ყველაზე მთავარ ნომინაციაში გამარჯვებულმა და სამი "ოსკარის" მფლობელმა მექსიკელმა რეჟისორმა ცერემონიაზე ბევრი ვერაფერი თქვა - ალეხანდრომ საზოგადოებას თავი მხოლოდ მექსიკელებზე საუბრით დაამახსოვრა და ლამის მეორე დღიდან კრიტიკოსები უკვე კითხულობდნენ, - ვინ იყო ის "შავი კაციო". სამაგიეროდ, ამაღელვებელი გამოდგა საუკეთესო მსახიობების დაჯილდოება.

54 წლის ჯულიანა მური (ნამდვილი სახელი ჯული ენ სმითი) აქამდე 4-ჯერ იყო "ოსკარის" ქალის საუკეთესო როლის ნომინანტი, თუმცა, ყოველთვის ხელი მოეცარა! არადა, შესანიშნავი მსახიობი 2-2 "ემის" და "ოქროს გლობუსის" მფლობელია, ამასთან, მსოფლიოს სამი ყველაზე პრესტიჟული - კანის, ბერლინისა და ვენეციის კინოფესტივალების პრიზიორი, მისი ვარსკვლავი კი ჰოლივუდის "დიდების ხეივანს" ამშვენებს. ჯულიანა გრძნობდა, რომ დაიმსახურა "ოსკარი" და არა მარტო ამ როლით... ის ელოდა გამარჯვებას და სანუკვარი ქანდაკებაც სიცილით მიიღო, თუმცა, ცრემლიც ვერ შეიკავა. სტუმრები გულაჩუყებული შესცქეროდნენ ბედნიერებისგან ერთდროულად მოტირალ-მოცინარ ბრწყინვალე მსახიობს.

სულ სხვანაირი გამოდგა საუკეთესო მამაკაცი მსახიობის - ბრიტანელი ედი რედმე­ინის დაჯილდოება. აშკარა გახდა, ასტროფიზ­იკოს სტივენ ჰოკინგის როლის ახალგაზრდა  შემსრულებელი გამარჯვებას გულის სიღრმეშიც არ ელოდა. დაბნეულმა და გონებაარეულმა საზოგადოებას შესანიშნავად აჩვენა, თუ როგორია არა მსახიობის მიერ "შესრულებული", არამედ ნამდვილი სიხარული.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით