საუკუნის წყვილი: მედეა ჯაფარიძე და რეზო თაბუკაშვილი
საუკუნის წყვილი: მედეა ჯაფარიძე და რეზო თაბუკაშვილი
სადაც კი გამოჩნდებოდნენ, უმალ ყველას ყურადღებას იპყრობდნენ - ორივეს საოცარი ხიბლი და მიმზიდეველობა ჰქონდა. თითქოს ასხივებდნენო.

"მედეა მე მაგონებს გაზაფხულის ყვავილს, რომელიც ნაზ სურნელებას გამოსცემს და გათბობს", - ამბობდა მასზე ვერიკო ანჯაფარიძე.
"ქართული კინოს მშვენება", "მარადიული სილამაზე", "სათნოებისა და კდემამოსილების განსახიერება", - ეს ეპითეტებიც მედეა ჯაფარიძეს ეკუთვნის, რომელსაც ასე უხვად იყენებდნენ მისი ნაცნობ-მეგობრები. სულ რამდენიმე წუთი იყო საკმარისი იმისათვის, რომ მნახველი ამ საოცარი ქალით მოხიბლულიყო. მედიკო (მას ყველა ასე ეძახდა)
გარდა წარმტაცი გარეგნობისა, სულიერადაც მშვენიერი იყო, ყველას ერთნაირად ატყვევებდა, - დიდსა თუ პატარას, ქალსა თუ კაცს.იგი სიკეთის განსახიერებაა, მასთან მყოფს გჯერა, რომ ამქვეყნად ბოროტება არ არსებობს", - ამბობდა ლილი იოსელიანი.

არადა, მას პატარაობიდანვე მძიმე ცხოვრება ხვდა წილად. მამა დაუპატიმრეს, დედას ამის ნიადაგზე სულიერი აშლილობა დაეწყო.
ზრდიდა ბიძა... მედიკოს სათუთი გული ბევრ ტკივილს იტანდა...
ძალიან ადრე გათხოვდა, თუმცა სწავლა უზომოდ უნდოდა. მსახიობობაზე ოცნებობდა. შტატგარეშე მსახიობად დაიწყო მუშაობა "მარჯანიშვილის თეატრში". ვაჟას "მოკვეთილში" მისცეს ერთი ეპიზოდური (გულსუნდას) როლი და უბედნიერესი იყო.
მისი პირველი ქმარი გრიშა კოსტავა გახლდათ, მერაბ კოსტავას ბიძა. მოგვიანებით მედეა იხსენებდა: "ბევრს ახსოვს მერაბი, ვაჟკაცური, ღრმად ქართველი, მტკიცე ხასიათის, შეუპოვარი... სწორედ ასეთი იყო გრიშაც". იგი ანტისაბჭოთა პროპაგანდისთვის დააპატიმრეს. კვლავ მძიმე დღეში ჩავარდა ლამაზი მედიკო. იმ პერიოდში მისი მთავარი მიზანი გრიშას შველა იყო. ახლობლები იხსენებდნენ: მედიკო სხვათა რჩევით მისთხოვდა ასაკით მასზე უფროს გრიშას, ეგონათ, პატრონს გაუჩენდნენ ბედისაგან დაჩაგრულს, მაგრამ პირიქით მოხდა - გრიშა დააპატიმრეს და იგი მედიკოს საზრუნავი გახდაო...
მაშინ 20 წლის იყო. თეატრზე ოცნება დაივიწყა; ვინ აღარ შეაწუხა გრიშას გამო. მარგარიტა მუსხელიშვილმა (მეცნიერის დამ) წერილი გაატანა ადმირალ ისაკოვთან, რომ იმას "საქმე ჩაეწყო" ულრიხთან. ეს ულრიხი განაგებდა მაშინ პოლიტპატიმართა ბედ-იღბალს. ჩავიდა მედიკო მოსკოვში და ულრიხთან თავის რიგს 6 თვე ელოდა. ნათესავთან ცხოვრობდა და მოთმინებით ელოდა იმ დღეს, როცა სისხლისმსმელ კაცთან შევიდოდა და ქმრის შეწყალებას სთხოვდა. მედიკო განცვიფრებული დარჩა, როცა ულრიხი იხილა, - "ეს იყო თეთრწვერა ბაბუა, რომელსაც კეთილი თვალები ჰქონდა", - იგონებდა მოგვიანებით. არადა, თავად მედიკო გახლდათ იმდენად კეთილი, რომ ყველა ადამიანში სიკეთის მარცვლებს ეძებდა...
მედიკოს ვიზიტის შემდეგ ულრიხმა გრიშა კოსტავას სიკვდილით დასჯა 10 წლის პატიმრობით შეუცვალა. ამბობენ, რომ გადასახლებიდან კოსტავას მედიკოსთვის შემოუთვლია, - ნუ დამელოდები, არ ვიცი, როდის გამოვაღწევ აქედან, ან გამოვაღწევ კი?! ჯერ ძალიან ახალგაზრდა ხარ და თუ ვინმე ღირსეული გამოჩნდა, გაყევი ცოლადო...

ამ ორომტრიალის მერე მედიკომ გადაწყვიტა, სწავლისათვის სერიოზულად მოეკიდა ხელი. მოსკოვში გაემგზავრა კვლავ, ამჯერად უკვე სამხატვრო თეატრის სტუდიაში სასწავლებლად. მაშინ გაიცნო რეზო თაბუკაშვილი, სწორედ ის ღირსეული კაცი, კოსტავა რომ გულისხმობდა. იდგა 1947 წელი. რეზო ამ დროს დიპლომატიურზე სწავლობდა. იგი არ იყო მიჩვეული გოგონებისგან უარს. მედიკო დანახვისთანავე მოეწონა და პაემანიც დაუნიშნა, მაგრამ მედიკო არ მივიდა. გაუკვირდა რეზოს. მერე კაფეში დაპატიჟა. ქალი მისვლას არ დაჰპირებია, მაგრამ არც უარი უთქვამს, ამიტომაც ეგონა რეზოს, რომ პაემანი შედგებოდა, თუმცა კვლავ გაწბილებული დარჩა... ახლა უკვე
საგონებელში ჩავარდა ქალებისგან განებივრებული რეზო. ამასობაში კი მედიკოს სტუდიაში ნიჭიერ სტუდენტად მიიჩნევდნენ, მას როლებიც შესთავაზეს და ამით უსაზღვროდ გახარებულს სულაც არ ეცალა თაყვანისმცემლებისთვის. მას არ უნდოდა სხვა რამაზე გადართულიყო, ამიტომაც არავის არ აქცევდა ყურადღებას, მათ შორის არც რეზოს.
სწორედ იმ დროს, როცა მედიკომ ერთ საინტერესო როლზე დაიწყო მუშაობა, თბილისიდან შეატყობინეს: "ჩამოდი, დედა ავად არის". მედიკოს გულში კიდევ ერთი მგრძნობიარე სიმი ჩაწყდა. მას რეზოსთან მოუნდა განდობა და სანამ თბილისში წამოვიდოდა, ვაჟს დაურეკა. ისიც მაშინვე მედიკოსთან გაჩნდა... მთელი ღამე გაათენეს, რეზო შეძრული უსმენდა თავისი რჩეულის ტკივილით აღსავსე ცხოვრებას. როცა მედიკომ თავისი ამბავი დაასრულა, რეზომ თავი ვერ შეიკავა და ატირდა. მაშინ მიხვდა მედიკო, რომ ასეთ კაცს ხელს ვერ ჰკრავდა. იგი მართლაც ღირსეული ვაჟკაცი იყო, რომელიც მუდამ მის გვერდით იქნებოდა, ჭირშიც და ლხინშიც. მაშინ გაიფიქრა მედიკომ - რეზო მზეჭაბუკს ჰგავსო. ქალი ვაჟს დროებით დაემშვიდობა და თბილისში წამოვიდა დედის მოსავლელად.

იმხანად ტაბლიაშვილი "ქეთოს და კოტეს" იღებდა, მოჰკრა თუ არა მედეას თვალი, მაშინვე თქვა: "ეს იქნება ქეთო!" დაიწყეს ფილმის გადაღება. მედიკო გადაღებიდან მაშინვე სახლში, დედასთან გარბოდა. იგი დედასთან ერთად იწვა ჩაბნელებულ ოთახში. მხოლოდ რეზოს მონატრება აფერადებდა იმ პერიოდს. ნათესავები ურჩევდნენ, - დედაშენი საავადმყოფოში დააწვინეო, მაგრამ მედიკომ იცოდა, რომ დედას იქ ყოფნა ძალიან ეჯავრებოდა. ადრე დედა ფსიქიატრიულში რომ მიჰყავდათ და მკურნალობას უტარებდნენ, ახსოვდა, როგორ იტანჯებოდა, როგორ არ უნდოდა საავადმყოფოში წასვლა, ამიტომ საავადმყოფოზე უარი თქვა და დედა შინ დაიტოვა. დღისით გადაღებებზე მიდიოდა, გადაღების დამთვრებისთანავე კი სახლში მიიჩქაროდა და მთელ დანარჩენ დროს ავადმყოფ ქალთან ატარებდა. როცა დედას ჩაეძინებოდა, ლამფას მიიდგამდა (რათა დედას არ გაღვიძებოდა შუქზე) და ვინ იცის, მერამდენედ კითხულობდა რეზოს წერილებს...

იხილეთ სრულად
ვეტერანი
22 თებერვალი 2018 17:17
ასეთი წყვილი იშვიათობაა. ღმერთმა გაანათლოს მათი სულები.
nino
15 მარტი 2015 01:29
saocarad lamasi ckvili
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები