"60 წლის ორნელა მუტი ისევ 18 წლისაა" - კვირის პალიტრა

"60 წლის ორნელა მუტი ისევ 18 წლისაა"

9 მარტს 60 წლის გახდა კინოს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ქალად მიჩნეული იტალიელი მსახიობი ფრანჩესკა რომანა რიველი, მას მსოფლიო ორნელა მუტის სახელით იცნობს.

რომში დაბადებული გოგონას მამა ნეაპოლიტანელი ჟურნალისტი გახლდათ, დედა კი ესტონელი ემიგრანტების შთამომავალი. 10 წლის იყო, მამა რომ დაეღუპა. ოჯახს თავის რჩენა გაუჭირდა და ამიტომ 14 წლის ფრანჩესკამ მოიტყუა თითქოს 18-ის იყო და ჟურნალებისა და ფოტოგრაფებისთვის შიშვლად პოზირება დაიწყო. 15 წლისა უკვე კინოში მიიწვიეს, სადაც უცებ მიაღწია წარმატებას - უმანკოებისა და ეროტიზმის უცნაური შეთავსების გამო. მალე იგი ორნელა მუტი გახდა და ეკრანზე მრავალი დასამახსოვრებელი სახე შექმნა. ის სამჯერ იყო გათხოვილი, ჰყავს ორი ქალიშვილი და ვაჟი. გოგონა გათხოვებამდე შეეძინა პირველი შეყვარებულისგან, რომელმაც ორნელა მაშინვე მიატოვა. პირველი ქმარი კი მსახიობი ალესიო ორანი გახდა. მეორე ქმრისგან - ბიზნესმენ და პროდიუსერ ფედერიკო ფაკონეტისგან ქალ-ვაჟი დარჩა. მესამე ქმარი ფრანგი მილიარდერი ფაბრის კერერვე იყო, მის შემდეგ კი პლასტიკურ ქირურგ სტეფანო პიკოლოსთან ერთად ცხოვრობს. 1994 წლიდან მონაკოს მოქალაქე და კანის ფესტივალის მუდმივი საპატიო სტუმარია. 2008 წელს ორნელა მუტის საკუთარი საიუველირო ხაზი აქვს. მისი მაღაზიები არის რომში, მილანში, პარიზში, რიგაში, მოსკოვსა და ალმათიში.

სუპერვარსკვლავის იუბილეზე კი მრავალრიცხოვანმა გულშემატკივარმა აღნიშნა, რომ ორნელა არის ქალი, რომელსაც დრო ვერასდროს დაამარცხებს და თუ "14 წლისას შეეძლო ყოფილიყო 18-ის, 60 წლისაც ისევ 18 წლისაა".