რა "სარგებლობა" მოაქვს პაპარაცის - კვირის პალიტრა

რა "სარგებლობა" მოაქვს პაპარაცის

მას შემდეგ, რაც პატრიკ შვარცენეგერმა, მშობლების დაჟინებული თხოვნის მიუხედავად, სკანდალური მომღერალი მაილი საირუსი მაინც შეირთო (ჩუმად ხელი მოაწერა, ხოლო ქორწილი მოკლე ხანშია დანიშნული), მაილი მოწადინებულია, რომ "კარგი გოგო" გახდეს. პატრიკის დედა, მარია შრაივერი კი მაინც დაჟინებით ცდილობს მათ დაშორებას, თუმცა, უშედეგოდ. მარია კენედების ნათესავია და იძულებულია, რძლის გამო ამერიკის ერთ-ერთი გამორჩეული საგვარეულოს დრტვინვა აიტანოს. მარია და არნი თავიანთ 21 წლის სტუდენტ მზეჭაბუკს დაემუქრნენ, რომ მის სახელზე გახსნილ პირად ფონდში შეტანილ 50 მლნ დოლარს ვეღარ მიიღებდა, მაგრამ ამაოდ. სამაგიეროდ იმას, რაც ვერ შეძლეს მშობლებმა, ფულმა და მძლავრმა სანათესავომ, როგორც ჩანს, პაპარაცები გააკეთებენ - რეპორტიორებმა ექსგუბერნატორის მემკვიდრე ცოლის ღალატში გამოიჭირეს. მექსიკაში, სტუდენტურ არდადეგებზე მყოფი "უმცროსი ტერმინატორის" დაკუნთულ მკლავზე მაილის ნაცვლად ჩამოკონწიალებული სულ სხვა ლამაზმანი აღმოაჩინეს და მათი ხვევნა-კოცნაც დეტალურად დააფიქსირეს. ფოტოები ბრიტანული ტაბლოიდის "დეილი მეილის" გვერდებზე გამოჩნდა. ფოტოები ისეთია, რომ ეჭვს არ ტოვებს და "დამწყები ქმარი" იძულებული გახდა, ტვიტერში ასეთი ბრიყვული განმარტებები ეკეთებინა - "ღმერთო ჩემო! ეს გოგონა ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო მეგობართაგანია", "არასდროს ჩავიდენდი არაფერს ჩემი შეყვარებულის საწინააღმდეგოდ", "გოგონებს ჰყავთ მეგობარი ბიჭები, ბიჭებს კი მეგობარი გოგონები". ყვითელი პრესა აღნიშნავს, რომ "სათანადო შედეგი სულ მალე დადგება", და კმაყოფილი წერს, კენედები, ბოლოს და ბოლოს, აღიარებენ, რომ "საჭირო მომენტში პაპარაციც სასარგებლოა".