"ლამაზმანი" 25 წლისაა - კვირის პალიტრა

"ლამაზმანი" 25 წლისაა

1990 წლის 23 მარტს მსოფლიოს ეკრანებზე გამოვიდა ფილმი "ლამაზმანი". თანამედროვე კონკიასა და მილიონერის რომანტიკული სიყვარულის ამბავმა პლანეტის მოსახლეობის სულ ცოტა, მშვენიერი ნახევარი შეძრა და სამუდამოდ დაიმკვიდრა ადგილი მათ გულებში. უკვდავი ფილმის 25 წლის იუბილეს აღსანიშნავად ამერიკის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ტოქშოუში შეიკრიბნენ "ლამაზმანის" რეჟისორი გარი მარშალი და მთავარი როლების შემსრულებელი მსახიობები: რიჩარდ გირი, ჯულია რობერტსი, ჰექტორ ელიზონდო, ლორა სან ჯაკომო... გადაცემაში, რომელიც ძალიან საინტერესო გამოვიდა, რიჩარდ გირმა აღიარა, როგორ "მიაჩმორეს" ფილმის გადაღებების დროს: "პირველივე ეპიზოდებიდან ვცდილობდი, როლში აქტიურად შევსულიყავი. უცებ გარი მომიახლოვდა და წყნარად მითხრა: არა, რიჩარდ, არა. ამ ფილმში თქვენ ორიდან მოქმედებს ერთი, მეორე კი - არა! აბა, გამოიცანი, შენ რომელი ხარ... რაღა გამოცნობა უნდოდა, ყველაფერი ენერგიული ჯულიას ექსპრესიულობაზე იყო აგებული..."