ფიცი გვწამს, ბოლო გვაკვირვებს?! - კვირის პალიტრა

ფიცი გვწამს, ბოლო გვაკვირვებს?!

ერთი წლის წინ ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე მყარი ვარსკვლავური ოჯახის დაშლამ გულშემატკივრები გააოგნა: 19-წლიანი ქორწინების შემდეგ მელანი გრიფიტი და ანტონიო ბანდერასი გაიყარნენ. სუპერვარსკვლავებმა მაშინ ბევრი მიზეზი დაასახელეს, თუმცა, ტაბლოიდები ერთხმად ამბობდნენ, რომ განშორების მიზეზი მელანის ეჭვიანობა გახდა. გრიფიტი დარწმუნებული იყო, რომ მიმზიდველი ანტონიო უსათუოდ გაცვლიდა მას ახალგაზრდა მეტოქეზე. ამის გამო ოჯახში გამუდმებით კამათობდნენ, მელანის ხანგრძლივი დეპრესია ემართებოდა. ბოლოს და ბოლოს, ანტონიომ ვეღარ გაუძლო... ახლახან კი სატელევიზიო ინტერვიუში საჯაროდ მოჰყვა, თუ როგორი გრძნობები აქვს ყოფილი მეუღლის მიმართ: `ასე ხდება ხოლმე. მელანისთან განშორება ჩემთვის ძნელი იყო, მით უმეტეს, ამდენი ხნის ურთიერთობის შემდეგ. უბრალოდ, სტატუსი შევიცვალეთ, თორემ ორივეს ყველაფერი კარგად გვაქვს - წინანდებურად ძალიან მიყვარს მელანი და შესანიშნავი ურთიერთობაც გვაქვს!"

არადა, ამჟამად ანტონიო ჰოლანდიელ ქალბატონ ნიკოლ კემპელს ხვდება. ცოტა ხნის წინ ბანდერასმა ის ოჯახს გააცნო. ახლობლებმაც მოუწონეს არჩევანი. მსახიობი საცხოვრებლად ლონდონში აპირებს გადასვლას და სურს, აქტიურად ჩაერთოს თავისი ქალიშვილის, სტელას აღზრდაში, რომელიც სრულწლოვანი ახლახან გახდა.