"რაც უნდა თქვათ, ცუდს მაინც ვერ მათქმევინებთ მიშიკოზე..." - კვირის პალიტრა

"რაც უნდა თქვათ, ცუდს მაინც ვერ მათქმევინებთ მიშიკოზე..."

რამდენიმე დღის წინ კასპის რაიონის ერთ-ერთ სოფელში მომიწია გამგზავრებამ. მივლინებაში, როგორც წესი, ავტობუსით ან სამარშრუტო ტაქსით დავდივარ, ასე უფრო თვალნათელია ქვეყნის ავ-კარგი. სახელმწიფო ორგანოებში და მით უმეტეს, ტელეეთერით ხომ ქვეყნის რეალურ ყოფაზე ვერაფერს გაიგებ კაცი.

სამარშრუტო ტაქსი გაჩერებაზე იდგა. მძღოლი  გავსების მოლოდინში გასვლას შეძლებისდაგვარად აჭიანურებდა.

- როგორა ხარ, ივანე?- მიესალმა სამარშრუტო ტაქსიში მჯდომ  ასაკოვან კაცს ახალმოსული შუახნის კაცი.

- რავი, კაცო, კაცს რო ცოლი ავადა ჰყავს, ის კარგა როგორ უნდა იყოს? შენა რა ჰქენ, ბალღი რო ვერ იყო ჯანზედ?

- ჰოო, ახლა მყავდა ექიმთან. ამ წინასაარჩევნოდ რო დაგვპირდნენ, უფასოდ მოგემსახურებიან ექიმებიო, სადაა უფასოდ? ხელებში გიყურებს სუყველა. ქვეყნის ფული გადამახდეინეს.

- მერე?

- რა უნდა მექნა? თბილისში მიმყავს ისევა.

ამასობაში ტაქსიში ერთი ახალგაზრდა ამოვიდა, ნაცნობებს მიესალმა და მძღოლს მიუჯდა გვერდით.

- ცირკში იყავი? - ჰკითხა მძღოლმა და იქვე შაპიტოზე მიუთითა, მოხეტიალე მსახიობებს რომ გაეშალათ კარავი.

- ბილეთები მინდოდა, აღმა-დაღმა დავდევ ამ ბავშვებსა.

- რასა ხარჯავთ ფულს ამ ცირკში, სუ ცირკი არ არი ჩვენი ცხოვრება? - გამოეხმაურა ახალგაზრდას ის კაცი, ექიმებზე  რომ ჩიოდა, - ძაან აბეჩავებენ ამ ხალხსა. არ გვივარგა მთავრობა. ეს ჩვენი პრეზიდენტი, ჯეელობითა მოსდის თუ რა არი, არ ვიცი, სერიოზული კაცის შთაბეჭდილებას არ ტოვებს...

- რას იზამ? მთავრობაა, ძალა მაგათ ხელშია და იარაღი. ყველა თავისი ჯიბისკენ იქაჩება. მთავრობისა რა გიკვირს, ეს ოპოზიცია განა ჩვენთვის იბრძვის? გულზეა გასიებული, მთავრობაში ხალხი რო სჭამს, განა დრო არ მოვიდა, ჩვენც რო ვჭამოთო? ეგ არის და ეგა!

აქამდე წყნარად მჯდომი 70 წელს მიღწეული ქალი აღშფოთდა:

- რათ ლანძღავთ ჩემს პრეზიდენტსა? ვენაცვალე მაგას, სწორედ იქა, ჩვენი პუტინას (ლაპარაკია კასპის რაიონის სოფელ მეტეხში მცხოვრებ მაშა პუტინაზე, რომელიც აცხადებს, რომ ვლადიმირ პუტინი მისი ვაჟია) ბიჭი რომ უპირებდა დაკიდებას...

- რამ გადაგრია, ქალო, ენაცვალე, შენს ჯანშიც ეგ იყოს!

- ვის ჯანშიც არი, წაგებული რომელია?

- შენ არა ხარ ის ქალი, უმწეობის პროგრამაში რო არ ჩაგსვეს და ადგილობრივ მთავრობასა  წყევლით იკლებდი?

- მამაძაღლები არიან ადგილობრივ მთავრობაში, პრეზიდენტი კიდე რა შუაშია, იმან იცის, რო ეგრე ეპყრობიან ხალხსა?

- ისე, რაო, რატომ არ გეკუთვნის პროგრამაო?

- ტელევიზორი გაქ სახლშიო.

- მერე მაგ ტელევიზორის მაგივრად მიშას სურათი დაგეკიდნა და მოგცემდნენ დახმარებასა.

- თქვენ დარდი ნუ გაქვთ, მიკიდია.

- კაი საჩინო ადგილი უნდა მოუძებნო, მთავრობასაც რო კარგა მოზრდილად მოხვდეს თვალში.

- აბა ის იყო კაცი? შევარდნაძეი, ეგ მელა ეგა!

- შევარდნაძე მელა მაინც იყო, შენი მიშიკო კიდე რო მარტო მაგის კუდია?

- რაც უნდა თქვათ, ცუდს მაინც ვერ მათქმევინებთ მიშიკოზე. ყველაფერ სიმართლეს ამბობს ეგა, მაგარი ბიჭია, მაგარი! რუსების შიშითა მთელი მსოფლიო ჩირგვებშია შამძვრალი, ამანა კიდე მაინც იბიჭა.

- იმიტომაც არი, მალე რუსები ხანდაკზე რომ გაგიტარებენ საზღვარსა, - ამასობაში ივანემ დანიშნულების ადგილს მიაღწია და გაჩერება ითხოვა...

- გამიჩერე, კაცო, ხო გითხარი?

- მაიცა, ამ სახლს გავცდე, ცოტა იქით გავაჩერო, თორე ისეა დაფხავებული, ზედ არ დაგვეცეს და თან არ ჩაგვიყოლოს, - ოსტატურად აუარა გვერდი დაღრეჯილ სახლს მძღოლმა.

ამასობაში გზის პირას მდგომმა ქალმა სამარშრუტო ტაქსის მძQQღოლს დაუქნია ხელი - ქალმა მანქანაში ზოლიანი ჩანთები შემოზიდა, სავარძლების ქვეშ შეაცურა და თავისუფალ ადგილას მოკალათდა. გვერდით სავარძელზე მჯდომი ქალი ჯერ დააკვირდა, მერე სახე გაებადრა:

- შენა, გოგო, მამედოვა არა ხარ?

- ვარ, ვარ, შენ რა იცი?

- შენგან ჟაკეტი ვიყიდე 10 ლარად. ერთი ნაციისა ვართ, ოღონდ მე ქართველ კაცზე ვარ გათხოვილი.

- იცი, ძაან მინდა სარძლოდ ჩვენი რჯულის გოგოი. ჩემს ბიჭს ვეუბნები, ჩემი ნაციის ხალხი ძაან ლამაზები არიან-მეთქი... ქართველებსაც არა უშამთ, მაგრამ ჩვენები სჯობიან. მოდი, გავხდეთ მე და შენ მძახლები. საათი მაქვს ოქროსი, იმას დავაბნევთ, ოქროს საყურესაც... გავაკეთოთ ეგ საქმე.

- როგორღა მოვახერხოთ?

- 8 მარტს დაბადების დღე მაქვს, პურმარილი ჩემზე იყოს, მესტუმრეთ, შენი გოგოც წამაიყვა, ბიჭიც იქ იქნება.

- პურმარილი კარგი გექნება?

- საკლავს დავკლავ, ქათამსაც... არ შევრცხვები. ხომ მოხვალ აუცილებლად? აი, აქ გამიჩერე, გენაცვა... ჩემი სახლიც ეგ არი... თეფშები რო კიდია ზედა... 8 მარტს, არ დაგავიწყდეს, მძახალო!

"მძახალი" ჩავიდა თუ არა, მამედოვა მომიბრუნდა:

- 8 მარტი როდის არი?

- 8 მარტს...

- ჰოო, უფრო სწორად, რამდენ ხანშია?

- ერთ თვეში..

- გოგოი რომ არ დაგთანხმდეს? - შეწუხდა ერთ-ერთი  მგზავრი.

- ჰმ, სად მყავს გოგო, სამი ბიჭი მყავს.

- ?!

- რას ამბობ, ქალო, მაშ პურმარილს ტყუილად აშლევინებ ქალსა?

- რატომ ტყუილად? მე მივალ, კაი ქეიფსაც გამოვკარი ხელი. გოგოზე კიდე მოვიფიქრებ რამესა, ჰმ, ჰმ, სად მყავს გოგო?

- შენც კაი პოლიტიკოსობა გისწავლია აი! - ახარხარდა მძღოლი.