"გურამ თიკანაძეს შხარა აუღია..." - კვირის პალიტრა

"გურამ თიკანაძეს შხარა აუღია..."

- ჩვენი ოჯახები ამ 20 წლის წინ სვანეთის დამეწყრილი სოფლებიდან ჩამოასახლეს დმანისში. უფროსები როცა სვანეთზე გვიყვებიან, ხშირად ახსენებენ გურამ თიკანაძეს. ამბობენ, გურამს მწვერვალების დალაშქვრა უყვარდა და ამ სიყვარულმა დაღუპაო. კარგი იქნებოდა, მოკლედ მოგეთხროთ გურამ თიკანაძეზე...

დმანისის საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეები

კითხვას უპასუხებს გურამ თიკანაძის ფოტოალბომის - "100 ფოტოსურათი" ერთ-ერთი შემდგენელი, ჟურნალისტი პაატა ნაცვლიშვილი:

KvirisPalitra.Ge- გურამ თიკანაძეს გამორჩეული ადგილი უკავია ქართულ ფოტოგრაფიასა და ალპინიზმში. გეოლოგ კაცს, ცხადია, მოგზაურობა და მთაში ყოფნა უწევდა. ალპინიზმით გატაცებულმა ფეხით მოიარა მთელი საქართველო და ამავდროულად უამრავი ფოტოშედევრი შექმნა. 30 წლის იყო გურამი, კავკასიონის ურთულესი მწვერვალიდან - შხარიდან დაშვებისას ტრაგიკულად რომ დაიღუპა. ბევრი მწვერვალი დარჩა დაულაშქრავი, უფრო ბევრი ფოტო - გადასაღები. "გურამ თიკანაძეს შხარა აუღია, რაც მოხდა, დაშვებისას მომხდარა"... წერდა თავის ცნობილ ლექსში პოეტი მურმან ლებანიძე. სხვათა შორის, მართლა ასე ყოფილა, ერთადერთი თოკის იმედად დაშვებულა მამაცი მთამსვლელი შხარიდან და თოკი გაწყვეტილა...