ვის რომელი ყვავილი მივართვათ?.. - კვირის პალიტრა

ვის რომელი ყვავილი მივართვათ?..

- მალე გაზაფხული მოვა. გაზაფხულს დედისა და ქალთა დღესასწაულები მოჰყვება. ქალები კი ყვავილებზე გიჟდებიან.  იქნებ იმაზეც დაწეროთ, ვის რომელი ყვავილი უნდა მივართვათ. არც უცხოეთის ქვეყნები დაგავიწყდეთ. წინასწარ გიხდით მადლობას. ჰო, კიდევ, მალე მამა გავხდები, ოღონდ ჯერ არ ვიცი, ვინ მეყოლება, გოგო თუ ბიჭი. ისიც მაინტერესებს, მეუღლეს რომელი ყვავილი მივართვა.

თქვენი მუდმივი მკითხველი ბექა გ., მცხეთა

- შევეცდებით ქართველი ფლორისტების ჩანაწერების დახმარებით თქვენს კითხვებს ვუპასუხოთ. თუ გოგონა შეგეძინებათ, მეუღლეს სხვადასხვა ფერის გლადიოლუსის (ანუ ხმალას) თაიგული მიართვით, ხოლო ბიჭი თუ გეყოლებათ, მხოლოდ წითელი ფერის გლადიოლუსების ყიდვა მოგიწევთ.

ახლა იმ სიმბოლოებს გაგაცნობთ, რომლის მიხედვითაც გვირჩევენ ყვავილების საჩუქრად შერჩევას: ვარდები და მიხაკები სიყვარულს გამოხატავს, ასტრა - განშორებას, ქრიზანთემა - ერთგულებასა და მწუხარებასაც, იასამანი - ერთგულ სიყვარულს, იორდასალამი - მეგობრობას, კესანები - ხსოვნას, ზამბახი  - პატივისცემას... განშორებისას წითელი ფერის ყვავილების ჩუქებას ამჯობინებენ, გამგზავრებისას ახლობელს ლურჯი ღიღილოების თაიგულს უძღვნიან, გათხოვილ ქალს მიხაკებსა და ქრიზანთემებს მიართმევენ, გეორგინებს კი ხშირად ქმრები ჩუქნიან ცოლებს. "ინტიმურ თაიგულში" კი აუცილებლად ყვითელი ფერი უნდა ჭარბობდეს.

საზღვარგარეთაც გადავინაცვლოთ: ფრანგ ქალს მიხაკი არასოდეს მიართვათ, რადგან ფრანგები მიიჩნევენ, რომ მიხაკს უბედურება მოაქვს. იტალიაში სამგლოვიარო ყვავილად ქრიზანთემა ითვლება. ქრიზანთემა მწუხარების დღეებს ახლავს ასევე ესპანეთში, საბერძნეთში, უნგრეთში, საფრანგეთსა და გერმანიაში. სამეფო ყვავილი ევროპაში შროშანია.

ჩვენში, გაზაფხულზე ძალზე პოპულარულია იები, რომელიც  არც ისე ძვირი ღირს, რომ თქვენი საყვარელი ქალების გახარება ვერ შეძლოთ...