"თავი შემაყვარე და ახლა გინდა მიგანო?"
08-03-2010
თინა და კუკურა ერთ სოფელში იზრდებოდნენ, მაგრამ სხვადასხვა უბანში, თან კუკურა 5 წლით მაინც იყო უფროსი ქალზე. კუკურამ 8 კლასის მერე აღარ ინდომა სკოლაში სიარული, მამა მძღოლი ჰყავდა და თავადაც იმის სწავლა გადაწყვიტა, რაც სისხლში ჰქონდა გამჯდარი. სრულწლოვანიც არ იყო, კოლმეურნეობის ჯაბახანა სატვირთო მანქანას რომ დაახრიგინებდა აღმა-დაღმა.

თინა კი ბეჯითი მოსწავლე იყო და პედაგოგიურ ინსტიტუტშიც ჩააბარა. 5 წლის შემდეგ მათემატიკის მასწავლებლად გამოუშვეს 22 წლის გოგო მშობლიური სოფლის სკოლაში. ჰოდა, სწორედ
მაშინ გაიცნო თინა კუკურამ. დედ-მამა უკვე გარდაცვლილი ჰყავდა, უფროსი და გათხოვილი და უმცროს ძმას - თანდილას ის პატრონობდა. წიგნის სიყვარულით არც თანდილა იკლავდა თავს, მაგრამ რვა კლასი ხომ მაინც უნდა დაემთავრებინა უფროს ძმასავით. ჰოდა, ორიანებით რომ გაუვსო ჟურნალი, თინამ თანდილას მშობელი დაიბარა, იმანაც ძმას მოახსენა:

- ჩემი მათემატიკის მასწავლებელი გიბარებს.

- რაო, რა მინდაო იმ შობელძაღლმა? - შოფრულად წაიჯიჯღინა კუკურამ.

- ორები გამოგასწორებინოს, თორემ კლასში ჩაგტოვებო! - არ დაუმალა ძმას სიმართლე თანდილამ.

- ვახ, კაცო, - შუბლში შემოირტყა ხელი კუკურამ, - მე მაგას ვეუბნები, მანქანა გამიფუჭდა, მოდი და მიზეზი იპოვე-მეთქი? მათემატიკა რომ მცოდნოდა, მაზუთში კი არ დავიშავებდი ხელისგულებს.

სკოლაში კი მაინც მივიდა. აბა, უმცროს ძმაზე ხომ არ ათქმევინებდა, უპატრონოა და არავინ დაეძებსო! მივიდა, შეხედა თინას და გულმა ისე შეჰკვნესა, რომ არასოდეს ეგრძნო მსგავსი რამ...

- რა ვქნა, აქედანაც მივუდექი, იქიდანაც... არაფერმა გაჭრა... დამატებითაც ვამეცადინე... ახლა ისღა დამრჩა, სახლშიც გამოვყვე და იქაც დაგიჯდეთ! - უსაყვედურა თინამ.

- გამოჰყე მერე, მაგაზე უკეთესს რას იზამ! - ფართოდ შესცინა კუკურამ, - თანდილას მათემატიკა ასწავლე, მე კი ცხოვრება გამილამაზე.

თინამ უკან დაიხია და უცებ გაეცალა კუკურას:

- ეს თავადაც "მისახედი" ყოფილა, ძმას როგორ უპატრონებსო, - წაიწუწუნა სამასწავლებლოში, - იმიტომ გადავყევი სწავლას, რომ ტურტლიან შოფერს გავყვე ცოლადო? - აიბზუა ტუჩი.

სოფელში მასწავლებელს ყოველთვის სხვა ფასი და პატივი აქვს. თინასაც უცებ გამოუჩნდნენ მაჭანკლები. კუკურამ კი სოფლის ბირჟაზე დაიქადა:
- ეგ გოგო ან ჩემი ცოლია, ან უცოლოდ ვკვდები!..

- რას ამბობ, ჯოო, შენი სიკვდილი რად გვინდა?

შენ თუ მოგწონს, ქალს ვინ რას ჰკითხავს, ხვალვე დავხვდებით სკოლიდან მომავალს და გაბაწრულს შინ მოგიყვანთ, - შეაგულიანეს ტოლებმა.
- არა, მოტაცებული ქალი არ მინდა. ნებით თუ არა გამომყვა, სიცოცხლეს გამიმწარებს დაყვედრებით! - იუარა კუკურამ და ყურადღებით სცადა თინას გულის დაპყრობა. არ წაიკარა გოგომ სიახლოვეს. არც მისი საჩუქრები მიიღო, ყველა უკან დაუბრუნა... მალე დაინიშნა კიდევაც გაღმასოფლელ აგრონომზე, მაგრამ ქორწილის დღე რომ უნდა დაეთქვათ, იმ კაცმა ბოდიში შემოუთვალა და ნიშნის დაბრუნება მოსთხოვა: გადავიფიქრეო.
არ უნდოდა გამხელა, მაგრამ მაინც გავარდა ხმა: კუკურა დახვედრია გზაზე და ისე უცემია, ქალის სახელი დაავიწყაო.

გაცეცხლებულმა თინამ მუქარა შეუთვალა, იცოდე, გიჩივლებ და ციხეში ჩაგაყუდებო!..

- მაინც ჩემი იქნებიო! - არ შეეპუა შეყვარებული ბიჭი.

კიდევ ორჯერ ჩაუშალა კუკურამ ქალს ნიშნობა.

- გაუთხოვარი დავრჩები და შენ ჩემი ღირსი ვერ გახდებიო! - არც თინამ დათმო და ასეთ ჭიდილ-ქიშპობაში გავიდა 15 წელი. კუკურამ 40 წელი მოითავა და აღარც თინა იყო ნორჩი.

40 წლის რომ გახდა, დაბადების დღის აღსანიშნავ სუფრაზე გაუმხილეს ბიჭებმა კუკურას: თინა, ვარდისუბნის გამგებლად რომ აირჩიეს ცოტა ხნის წინ, იმ კაცს დაუნიშნავს. რთველს რომ ჩაათავებენ, ოქტომბრის ბოლოს გამართავენ ქორწილსო.

კუკურამ ხელი ჩაიქნია:

- მორჩა. სანამ ვდიო, მეც დავიღალე. მინდვრის თაგვივით მარტოობაში მძვრება სული. წავიდეს, გათხოვდეს. იქნებ მეც ვეწიო ბედს.

გაუკვირდათ ძმაკაცებს, თან გაუხარდათ: - ეგრე, რა, განა ქალი დაილია, უკეთესს გაპოვნინებთო...

თინამ კი იმიტომაც უთხრა იმ კაცს თანხმობა, დარწმუნებული იყო, მაინც ჩაუშლიდა კუკურა ქორწილს, თორემ სულაც არ მოსწონდა ლოტოს კოჭივით მრგვალი და "რიჟა" გამგებელი. რაც უფრო ხშირად შეხვდა, უფრო და უფრო მოეწურა გული... ამასობაში კუკურას ნათქვამიც მიუტანეს: არ ვუნდივარ და ნუ ვუნდივარ, თუ სხვა უნდა, მეც სხვას მოვძებნიო!..

თინამ რაც მეტი იფიქრა მის სიტყვებზე, უფრო და უფრო მეტი სევდა ჩაეღვარა გულში და ერთ დღესაც ტირილი რომ მოუნდა, გაკვირვებულმა შეხედა საკუთარ გამოსახულებას სარკეში:

- ვაი ჩემი სიკვდილი! მგონი, შემყვარებია ის უდღეური ამასობაში...

რაც უფრო მოახლოვდა ქორწილის დღე, მით მეტად გაუჭირდა კუკურას უყურადღებობის ატანა და ზუსტად ერთი კვირით ადრე, შაბათი რომ გათენდა, დილაადრიან მიადგა კაცის ჭიშკარს...

თინას დანახვაზე ისე დაიბნა კუკურა, სალმის თქმაც ვერ მოახერხა...

თინა თავად ჩამოჯდა ტალავრის ქვეშ დადგმულ გრძელ სკამზე და სანამ რამეს იტყოდა, ცრემლები დასცვივდა.

- მე არაფერი მითქვამს იმ კაცისთვის... აღარც შენი ქორწილის ჩაშლას ვაპირებ! - ამოილუღლუღა კუკურამ.

- რატო მერე, შე უნამუსო! - გაწიწმატდა ქალი, - თავი შემაყვარე და ახლა გინდა მიგანო, ვიღაც უჯიშოს დაუთმო ჩემი თავი?!

კუკურას ეგონა, მძიIნავსო, ისე მოიფშვნიტა  თვალები.

- გამოიყვანე მანქანა და წავიდეთ იმ კაცთან, დავაბრუნოთ ნიშანი, სანამ დროა, მოვუბოდიშოთ! - სიმტკიცე დაიბრუნა ქალმა ხმაში და, როგორც იქნა, გაიაზრა კუკურამ თავს დატეხილი ბედნიერება, შევარდა სახლში და უცებ გამოეწყო საგარეოდ. მერე ძველი "ჟიგული" გამოაგორა გარაჟიდან.
დააბრუნეს ნიშანი და აღარც გაუშვია სახლში თინა, პირდაპირ მამიდამისს მიაყენა წაბლისხევში.

ორი სოფლის ხალხი შეიყარა სახელდახელოდ გამართულ ქორწილში. სვამდნენ ღვინოს და ვინ იცის მერამდენედ ისმენდნენ თინას "ყოჩაღობის ამბავს". ყველა შეთანხმებულივით იმეორებდა, ამაზეა ნათქვამი, შეძახილმა ხეც გაახმოო!..
g
22 მარტი 2010 19:59
ლამაზია,სიყვარულით გაჟღენთილი. მიშველაძის ან კობერიძის ნოველებს ცააგავს. პლაგიატობას არ გაბრალებ ღმერთმა დამიფაროს.სცადე ნოველები მე მგონი მაგარი გამოგივა.

რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?