კრისტიენ სტიუარტის სამი რომანი - კვირის პალიტრა

კრისტიენ სტიუარტის სამი რომანი

"ქუჩაში როცა მივდიდვარ, ბელა სვონს მეძახიან და ავტოგრაფს მთხოვენ. მეამაყება, რომ ხალხს ჩემი პერსონაჟი ასე უყვარს".

ლოს-ანჯელესში, ჰოლივუდური ოცნებების ქალაქში, არაერთი მომავალი ვარსკვლავი დაბადებულა, მათ შორის კრისტიენ სტიუარტი. 25 წლის მსახიობი და მოდელი ჯონ სტიუარტის (რეჟისორისა და პროდიუსერის) ქალიშვილია. მამამ პატარა კრისტიენზე დიდი გავლენა მოახდინა, შოუბიზნესისა და კინემატოგრაფიის მიმართ ინტერესი გაუჩინა.

კრისტიენმა პირველად სკოლის საშობაო სპექტაკლში ითამაშა. სწორედ აქ შენიშნა აგენტმა და ჯონ სტიუარტს სთხოვა, ყურადღება მიექცია შვილისთვის. დედ-მამამ აგენტი ცივი უარით გაისტუმრა, თუმცა 8 წლის კრისტიენს მსახიობობა უკვე ჰქონდა გადაწყვეტილი.

"დისნეის სამსახიობო" სკოლის გავლის შემდეგ გოგონა"გამოჩნდა როუზ ტროშის მელოდრამაში "საგანთა უსაფრთხოება".

დეივიდ ფინჩერის ფილმ "შიშის ოთახში","კრისტიენმა დიაბეტით დაავადებული მოზარდის როლი განასახიერა. ფილმში მონაწილეობს თინეიჯერების საყვარელი მსახიობი ჯარედ ლეტო.

მოგვიანებით კრისტიენმა ითამაშა ფილმებში: "ზატურა", "წარგზავნილები", "ველურ პირობებში", "ნამცხვრის მჭამელები",""ქალების ქვეყანაში" და სხვ. თუმცა მისთვის აღიარება არც ერთ მათგანს არ მოუტანია.

2003-2005 წლებში იგი 3-ჯერ იყო ნომინირებული საუკეთესო ახალგაზრდა მსახიობად. სამწუხაროდ, ვერც ერთხელ ვერ გაიმარჯვა.

მსახიობის ცხოვრება "ბინდმა" შეცვალა. ამ ფილმში მან მთავარი გმირი ბელა სვონი განასახიერა. ერთ-ერთ ინტერვიუში კრისტიენი ამბობს: "ქუჩაში როცა მივდიდვარ, ბელა სვონს მეძახიან და ავტოგრაფს მთხოვენ. მეამაყება, რომ ხალხს ჩემი პერსონაჟი ასე უყვარს".

რეჟისორი კატრინ ჰარდვიკი კრისტიენის თამაშის სტილს ასე აფასებს: "სტიუარტი ერთბაშად არ ამჟღავნებს ემოციებს. თავიდან შეიძლება გაფიქრებინოს, რომ კამერის წინ ვერ გაიხსნა, სინამდვილეში კი გრძნობების ნაკადს ნაწილ-ნაწილ გაწვდის და ფილმში გითრევს."

"ბინდის" შემდეგ კრისტიენი გამოჩნდა ფილმებში: "კეთილი იყოს თქვენი მობრძანება რაილებთან", "ფიფქია და მონადირე" (სადაც პარტნიორობას შარლიზ ტერონს უწევდა).

2012 წელს ჟურნალმა "ფორბსმა" კრისტიენი წლის ყველაზე მაღალანაზღაურებად მსახიობად დაასახელა. ის არის პირველი ამერიკელი არტისტი, რომელიც ცეზარის პრემიით დააჯილდოეს.

კრისტიენს პირადი ცხოვრებისა და საქმიანი ურთიერთობების ერთმანეთისგან გამიჯვნა უჭირს. ამას მოწმობს გადასაღებ მოედანზე დაწყებული მისი რომანები. პირველად მაიკლ ანგანარო შეუყვარდა. "ბინდზე" მუშაობისას კი რობერტ პატისონის მიმართ გაუჩნდა გრძნობები. რეჟისორი რობერტისა და სტიუარტის რომანის წინააღმდეგი იყო - გადაღებებისთვის შეიძლებოდა ხელი შეეშალა.

მარკეტინგული თვალსაზრისით - ფილმის მთავარი გმირების სიყვარულის რეალური გაგრძელება ძალიან მომგებიანი იყო, მაგრამ ტრილოგიის გადაღების შემდეგ მალევე დასრულდა. მიზეზი რუპერტ სანდრესი გახდა, რომელიც კრისტიენმა "ფიფქია და მონადირის" გადაღებისას გაიცნო. პაპარაცებმა ისინი ერთად გამოიჭირეს და სასიყვარულო სცენის ამსახველი სურათები ჟურნალში გამოაქვეყნეს.

მოგვიანებით პატისონი გამოტყდა, რომ მასაც ჰყავდა ახალი შეყვარებული.

თათული ღვინიანიძე