"სიკვდილის წინ უთქვამს, აღარ მეშინია შენი მარტო დატოვება, რადგან შენი სილამაზე თან მიმაქვსო!" - კვირის პალიტრა

"სიკვდილის წინ უთქვამს, აღარ მეშინია შენი მარტო დატოვება, რადგან შენი სილამაზე თან მიმაქვსო!"

19 წლისა გათხოვდა ნატო. ესეც თითქოს გასაკვირი იყო, რომ მისი სილამაზის პატრონი "ამდენ ხანს" გააჩერეს მშობლების სახლში... 14 წლისა რომ გახდა, მას შემდეგ მარტო არ გამოუშვიათ ქუჩაში, ხან ვინ ემუქრებოდა მოტაცებით და ხან ვინ!

ქალაქის ცნობილ ოჯახს მისცეს თანხმობა მისმა მშობლებმა... არ იყო ვაჟა ცუდი კაცი, მაგრამ მაინც ვერ შეიყვარა, რადგან სხვა უყვარდა - ორი წლით უფროსი დავითი, უმამო და ქუჩას პირისპირ შერჩენილი ბიჭი, ვისი სიყვარულიც ვერავის გაუმხილა.

მისი ქორწილის ღამეს რომ უგონოდ დათვრა ბიჭი და მტკვარში ხტებოდა თავის მოსაკლავად, ისიც გაიგო და ბევრი იტირა, მაგრამ ამ ცრემლების მიზეზი, რა თქმა უნდა, არავინ იცოდა და ვერც ვერასოდეს გაიგებდნენ...

სამი შვილი გაზარდა. არასოდეს უმუშავია. მერე შვილიშვილებს დაჰფოფინებდა და ისე გაეპარა ცხოვრება თვალსა და ხელს შუა, სარკეში ჩასახედად რომ მოიცალა, ვეღარც იცნო საკუთარი თავი - სიბერე სხვა ქალებზე უმოწყალოდ მოქცეოდა: აღარც თმებში ედგა მზის ოქრო და აღარც თვალებში ნათელი...

შვილიშვილებს რომ თავისი ახალგაზრდობის სურათი აჩვენა, არ დაუჯერეს: ეს მზეთუნახავი და შენ როგორ შეიძლება ერთი და იგივე ქალი იყოთო!

ეწყინა... ეტკინა...

73 წლისა იყო, ქმარი რომ მოუკვდა და სიკვდილის წინ ვითომ ეხუმრა ვაჟა:

- აღარ მეშინია შენი მარტო დატოვება, რადგან შენი სილამაზე თან მიმაქვსო!..

მკვდარ ქმარსაც "გაებუტა"...

საკუთარ თავში ჩაიკეტა და სულ არ უნდოდა ქუჩაში გასვლა. არც გადიოდა, თუ ძალიან აუცილებელი არ იყო. საპენსიო საბუთების გასაახლებლად მიიყვანა შვილიშვილმა "სობესში". გრძელი რიგი დახვდა და მოცდა მოუხდა. იჯდა და ხალხს ათვალიერებდა: ძირითადად მოხუცები მიმოდიოდნენ, უფრო სწორად - დაჭრიალებდნენ, დალასლასებდნენ...

- რა საცოდავები ვართ ადამიანები! - შეეცოდა თავი და ისევ ახალგაზრდობა გაახსენდა, რომელიც აგერ, ერთი ხელის გაწვდენაზე იყო და მაინც უსასრულოდ შორს დარჩენილიყო!..

ხელჯოხზე დაყრდნობილმა ბერიკაცმა მოკრძალებით ითხოვა  მის გვერდით დაჯდომის ნებართვა.

- დაბრძანდით, ჩემო ბატონო! - ხელჩანთა აიღო თავისუფალი სკამიდან და... შეხედა თუ არა, მაშინვე იცნო - თავისი ერთადერთი გაუმხელელი სიყვარული... კი, კი... ნამდვილად დავითი იყო, მისი დათუნა! ისევ სიყვარულით ჰქონდა სავსე თვალები და 20-21 წლის ბიჭის გამოხედვაც შერჩენოდა თითქოს. ნაიარევიც ძველებურად ეტყობოდა მარჯვენა ლოყაზე, ქუჩის სახსოვარი...

- თქვენ პენსიის გამო ბრძანდებით რიგში? - მიუბრუნდა ნატოს, რომელიც 16 წლის გოგოსავით წამოწითლდა, ვაითუ, მიცნოსო...

- დიახ! - ძლივს ამოღერღა.

- ვიცნობდეთ ერთმანეთს, იმედია კიდევ შევხვდებით აქ! დავით ჩიქოვანი გახლავართ! - ხელი გამოუწოდა ბერიკაცმა.

- ნატო! ნატო ბექაური! - ხმა ჩაუწყდა ქალს.

- აუჰ, ეს რა მითხარი და გამახსენე! - მოუტრიალდა ღიმილადქცეული კაცი და ყურადღებით დააცქერდა, - ნატო ბექაური იყო ერთადერთი ქალი, რომელიც მიყვარდა და დღემდე მესიზმრება. ჩემს ქალიშვილსაც მისი სიყვარულით დავარქვი ნატო! აუჰ, რა გოგო იყო, იცი? ის რომ გათხოვდა, თავს ვიკლავდი... მერე გავბრაზდი და ერთხელაც აღარ ვიკითხე მისი ამბავი. გული მწყდებოდა, როგორ გამცვალა-მეთქი სხვაზე! ნეტავი როგორ იცხოვრა, ბედნიერი თუ იყო... ე-ეჰ, ნეტა, ცალი თვალით მაინც შემახედა! - თვალი გაუშტერდა დავითს და ისე გაიღიმა, წარსულში ჩაიძირა აშკარად!..

ნატო ძლივს იკავებდა თავს, ატირებას არაფერი უკლდა. ადგა და სასწრაფოდ გაეცალა იქაურობას.

- ქალბატონო... ქალბატონო ნატო! - დაეწია დავითის ხმა.

არ მოუხედავს. აღარც პენსია უნდოდა და... აღარც სიცოცხლე!

გაკვირვებულმა შეხედა შვილიშვილმა, რომელიც მანქანით ელოდებოდა და კარი გაუღო, ჩაჯდომაში დაეხმარა:

- ხომ კარგად ხარ, ბებო?! - ჩაეკითხა ეჭვით სანდრო.

- კარგად ვარ, შემოგევლოს ბებო! - უპასუხა რაც შეიძლება მშვიდად და თვალი 16-ოდე წლის ულამაზეს გოგოს გააყოლა, ქუჩა რომ გადაჭრა მათი მანქანის წინ. - ანგელოზო, ვისი ხარ?! - მიაძახა სანდრომ.

გოგომ მოიხედა და გაიღიმა: ბედნიერი მზერა ჰქონდა...